“დარწმუნებული ვარ, უკრაინის პროკურატურა მათ (ემპათიას დასკვნას) შეისწავლის და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს” – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა დოკუმენტებზე საუბრისას, რომლითაც ემპათია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უკრაინელ ადვოკატებს უგზავნის.
მესამე პრეზიდენტის წამების საქმის გამოძიება შესაძლოა უკრაინის გენპროკურატურაში დაიწყოს და საფუძვლად სწორედ ემპათიას დასკვნა დაედოს. შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე დღეში მიმართავენ.
უკრაინის სახალხო დამცველი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, საქართველოში რამდენჯერმე იყო ჩამოსული და პირადად გაეცნო რა მდგომარეობაში ამყოფებენ მესამე პრეზიდენტს, ამბობს, რომ ყურადღებით დააკვირდება პროცესს, გამოძიების დაწყების შემთხვევაში.
ცენტრი “ემპათია” უკრაინის პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს. ალტერნატიული კონსილიუმის დასკვნას, სადაც დეტალურად არის საუბარი მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობისა და მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე უკრაინელი ადვოკატები საგამოძიებო უწყებას უახლოეს დღეებში მიაწვდიან. ეს დასკვნა ასევე დაერთვება საქმეს, რომელიც უკვე არის გაგზავნილი სტრასბურგის სასამართლოში.