მეორე მსოფლიო ომს ბევრი გმირი ჰყავს და ამ ომში ჩართულ ყველა ქვეყანას თავისი უნიკალური ისტორია აქვს. ამ სტატიაში ჰოლანდიელ მოზარდ გოგონებზე მოგიყვებით, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდნენ სამშობლოს დაცვას და ქვეყნის ნაცისტური გერმანიისგან გათავისუფლებას.
19 წლის ჰანი შაფთის, 16 წლის თრუსი ოვერშტიგენისა და 14 წლის ფრედი ოვერშტიგენის გმირობისა და მამაცობის შესახებ დღემდე ნიდერლანდების სამეფოში უამრავ ისტორიას მოისმენთ.
ფოტოზე – თრუს ოვერშტიგენი
BBC მეორე მსოფლიო ომის ჰოლანდიელ გმირებს სიუჟეტს უძღვნის, სადაც გოგონების შესახებ ისტორიებს მათი შვილები გვიყვებიან.
სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ამ ომმა სამი მოზარდი გოგონა ნამდვილ, შეუპოვარ მებრძოლებად აქცია. ყველაფერი კი 1940 წლიდან დაიწყო, როდესაც ფაშისტურმა გერმანიამ ჰოლანდია დაიპყრო.
თრუს და ფრედი ოვერშტიგენები დები იყვნენ, რომლებსაც მარტოხელა დედა ზრდიდათ. ის მკვეთრად გამოხატული ანტიფაშისტური განწყობის მქონე ქალი ყოფილა. ჰანი შაფთი კი უნივერსიტეტის სტუდენტი და მათი მეგობარი იყო. მოგვიანებით გოგონა უნივერსიტეტიდან იმის გამო გამოაგდეს, რომ ნაცისტური გერმანიის ერთგული არ გახდა.
ფრედი ოვერშტიგენი
როდესაც ოკუპაცია დაიწყო, მოზარდი გოგონების სამეულმა მიზნად დაისახა მცირე ამოცანების შესრულება. ნიდერლანდებში ჩამოყალიბდა ოკუპაციის საწინააღმდეგო იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომლის მუშაობაშიც ამ სამმა მოზარდმა უდიდესი წვლილი შეიტანა. მალე მათი როლი უფრო აქტიური გახდა და პირდაპირ მოქმედებებში ჩაერთვნენ.
სამიზნეები იყვნენ არა მხოლოდ გერმანელი ნაცისტები, არამედ ის ჰოლანდიელებიც, რომლებიც გერმანელების მხარეს გადავიდნენ. როგორც BBC-ის სიუჟეტშია აღნიშნული, გოგონები სარგებლობდნენ ახალგაზრდობით, უცოდველი, უწყინარი გარეგნობით, ჰოლანდიელ მოღალატეებს და გერმანელებს ტყეში იტყუებდნენ და ხოცავდნენ.
შთამომავლები იხსნებენ, რომ თურმე თრუსი და ფრედი ფლირტის ოსტატობით არ გამოირჩეოდნენ და მათი ფლირტი მხოლოდ გაღიმებითა და მისალმებით შემოიფარგლებოდა.
“ისინი ჩვეულებრივ ძალიან მორცხვი გოგონები ყოფილან. ომმა კი მამაც ქალებად აქცია“ – ამბობენ თრუს ოვერშტიგენის შვილები.
როდესაც დედა 15-16 წლის იყო, მან ესროლა ქალს, რომელიც ნაცისტებისთვის გადასაცემად ებრაელების სიას აგროვებდა. მახსოვს დედა მიყვებოდა, რომ ეს ქალი პარკში დაინახა, იცნო, მიუახლოვდა, რათა ვინაობაში დარწმუნებულიყო, სახელი და გვარი ჰკითხა, შემდეგ კი ესროლა.
ნაცისტებს და მათ მომხრე ჰოლანდიელებს სჯეროდათ, რომ გოგონები ეფლირტავებოდნენ და ტყეში მიჰყვებოდნენ, ხოლო როცა გოგონებისკენ საკოცნელად წაიწევდნენ, ახალგაზრდა ქალები ხოცავდნენ მათ – იხსენებს ფრედი ოვერშტიგენის ვაჟი, რემი დეკერი.
მკვლელობის ყველა სქემა ერთნაირი არ იყო. ისინი ხოცავდნენ ნაცისტებს ველოსიპედით გადაადგილების დროსაც იმისთვის, რომ სწრაფად მიმალვა შესძლებოდათ.
შაფთს წითელი თმები ჰქონია, რის გამოც ის ადვილად შესამჩნევი და ამოსაცნობი იყო ნაცისტებისთვის. ის 1945 წლის 17 აპრილს დაიჭირეს და დახვრიტეს. იმ დროისთვის გოგონა 24 წლის იყო. ამ ამბიდან 18 დღეში ჰოლანდიამ თავისუფლება მოიპოვა.
“დაახლოებით 8 წლის ვიყავი, ისტორიის წიგნი გადავშალე, იქ ეწერა გოგონაზე, წითელი თმით, ეს ჰანი შაფთი იყო. როდესაც ვკითხულობდი, დედამ ტირილი დაიწყო და მითხრა, რომ ეს გოგონა მისი მეგობარი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელიც გერმანელებმა მოკლეს. დედა ხშირად საუბრობდა ჰანიზე და მეორე მსოფლიო ომზე. მთელი ცხოვრება აწუხებდა ის ფაქტი, რომ თვითონ ომს გადაურჩა, ჰანი კი ვერა“, – იხსენებს ფრედი ოვერშტიგენის ვაჟი.
დები ოვერშტიგენები მეორე მსოფლიო ომს გადაურჩნენ და დიდხანს იცოცხლეს. თრუს ოვერშტიგენი 2016 წელს გარდაიცვალა, ფრედი კი ორი წლის შემდეგ, 2018 წელს წავიდა ამ ქვეყნიდან.
“ისინი ძალიან ძლიერი ქალები იყვნენ. ჰქონდათ იმედი, რომ მსოფლიო უკეთესი და უფრო ლამაზი გახდებოდა. ეს ნამდვილად იყო მათი ცხოვრების მიზანი“, – ამბობენ დღეს ამ ქალების შვილები.
დებმა გამოსცეს წიგნი სახელად – „არც მაშინ, არც ადრე და არც არასდროს.“ წიგნი მეორე მსოფლიო ომს მიუძღვნეს და სურვილი, რომ ომი აღარასოდეს ყოფილიყო, სათაურით გამოხატეს. გოგონების ამბავს მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალთან ჰოლანდიაში ყოველ წელს იხსენებენ.
allnews.ge