ქვეყნისთვის დამღუპველი გადაწყვეტილებები საქართველოს ისტორიაში

გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაზეც ქვეყნის ბედი იყო დამოკიდებული. ამ გადაწყვეტილებების ავტორები კი, უმეტესწილად საქართველოს მმართველები იყვნენ. მეფეებზე, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო, არასწორი ნაბიჯი გადადგეს, ისტორიკოს მიხეილ ბახტაძეს ვესაუბრეთ.

მიხეილ ბახტაძე: ნამდვილად არსებობს საქართველოს ისტორიაში ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვია. ჩვენ რომ არ გადაგვედგა ეს ნაბიჯები, რა იქნებოდა არავინ იცის, მაგრამ შესაძლოა, ეს მძიმე შედეგები თავიდან აგვეცილებინა და ასეთი კატასტროფული მდგომარეობა არ ყოფილიყო.

ვახტანგ VI და პეტრე I

download-1641537347.jpg

ვახტანგ მეექვსე იყო განათლებული, შესანიშნავი მეფე, რომელმაც ხალხისა და ქვეყნისთვის უამრავი რამ გააკეთა.

თუმცა დაუშვა ერთი დიდი შეცდომა, როდესაც 1722 წელს პეტრე პირველთან ერთად ირანის წინააღმდეგ ლაშქრობა გადაწყვიტა, მან მხარი დაუჭირა პეტრე პირველს თან ისე, რომ პირადად ნანახიც არ ჰყავდა და ამ ლაშქრობის შესახებ მოლაპარაკება ელჩის მეშვეობით შედგა, შედეგად კი ქართლის მეფემ ის მიიღო, რომ პეტრე პირველმა ბრძოლის ველზე მარტო დატოვა და ვახტანგ მეექვსე უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საბოლოოდ, მას რუსეთისგან დახმარება არ მიუღია. მეფის ერთმა არასწორმა ნაბიჯმა იმის გარდა, რომ ქართლი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, მთელ მის შთამომავლობას დააკარგვინა სამეფო ტახტი.

ერეკლე მეორე და იმერეთის მეფე

news-44248-3736cde9-1641537452.jpg

შეიძლება გავიხსენოთ კახეთის მეფის, ერეკლე მეორის მაგალითი, როდესაც 1789 წელს ერეკლესთან იმერეთის სამეფოს დელეგაცია ჩამოვიდა და იმერეთის შეერთება სთხოვეს, კახეთის მეფემ უარი განუცხადა. მეფის ამგვარი პასუხი შეცდომა იყო იმიტომ, რომ ეს იყო საქართველოს გაერთიანების ბოლო შანსი. ქვეყნისთვის ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯი, თუმცა ერეკლე მეორემ ეს შანსი ხელიდან გაუშვა და შემდეგ განვითარებული მოვლენები უკვე ყველამ იცის, სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე შედეგები მივიღეთ.

ალექსანდრე მეორე და რუსეთი

კახეთის კიდევ ერთმა მეფემ, ალექსანდრე მეორემ ქვეყნისთვის ცუდი ნაბიჯი გადადგა იმ გაგებით, რომ მისმა გადაწყვეტილებამ კახეთის აოხრება გამოიწვია. ეს იყო მეთექვსმეტე საუკუნის ბოლო და მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისი, როდესაც ალექსანდრე მეორე ძალიან ეშმაკურ პოლიტიკას ატარებდა. ის ხან ოსმალეთის მხარეს იყო, ხან ირანის, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ჩრდილოეთით გააკეთა, რუსეთთან ხელშეკრულება გააფორმა, რამაც კიდევ უფრო მეტად გააბრაზა შაჰ-აბასი, რასაც პრინციპში მოჰყვა ის, რომ ალექსანდრე მეორე გამაჰმადიანებულმა შვილმა მოკლა, კახეთი კი აოხრდა.

საქართველოს გასაბჭოება

შეიძლება გავიხსენოთ 1920 წელი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდი, როდესაც 1920 წლის მაისში საბჭოთა რუსეთმა აზერბაიჯანის გავლის მერე საქართველოში შემოჭრა სცადა. ჩვენ მაშინ მტერი მოვიგერიეთ, მაგრამ ქართველი გენერლების მოთხოვნა იყო, რომ ბრძოლა გაგვეგრძელებინა, გადავსულიყავით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, იქ დაგვემარცხებინა ბოლშევიკები და კავკასიიდან საერთოდ გაგვედევნა. მთავრობამ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ბოლშევიკები მოვიდნენ აზერბაიჯანში, მერე დაიპყრეს სომხეთი და დაახლოებით ერთი წლის მერე, 1921 წლის თებერვალში დაგვიპყრეს ჩვენ.

allnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share