გურიის გუბერნიიდან პრესსამსახურის თანამშრომელი, ნინე ულუმბელაშვილი სამსახურიდან დაითხოვეს. ამის მიზეზი, კი, როგორც თავად ულუმბელაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, ზოგადად პოლიტიკის მიმართ მისი დამოკიდებულება გახდა.
“გულწრფელობა, ჩემი მთავარი ღირსება და”ნაკლია”, ამიტომ ვინც დღემდე ვერ გარკვეულხართ ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებში, გეტყვით საჯაროდ:
ვარ სრულიად აპარტიული, დღეს არ არსებობს პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც ჩემში რაიმე სიმპატიას აღძრავს!
ერთადერთი პარტია, რომლის პიარი, თანმიმდევრობა და ახალგაზრდული, პროგრესული მუხტი მომწონს შედარებით არის- “გირჩი მეტი თავისუფლება”.
“ვარდების რევოლუცია” როცა მოხდა, სტუდენტი ვიყავი და ვიდექი გარეთ საპროტესტო აქციაზე ბოლო წუთებამდე.
იმის შემდეგ ვაკვირდები და პინგ-პონგის თამაშის მეტი, ვერაფერი დავინახე პოლიტიკურ ველზე.
ჩემნაირი პატიოსანი, შრომისმოყვარე, ერთგული და პროფესიონალი ადამიანები, ამ ქვეყანაში არავის სჭირდება. მთავარია გყავდეს, ან მოიპოვო გამოსადეგი პატრონები და მფარველები და ყველა გზა ხსნილია.
ხო და თუ ვინმე ჩემნაირი გულწრფელი კადრით დაინტერესდებით, უმუშევარი ვარ და შეგიძლიათ საინტერესო წინადადებები შემომთავაზოთ!
რათქმაუნდა ვაკანტურ ვაკანსიას ვგულისხმობ, სხვის სკამზე არასოდეს დავმჯდარვარ და არც განიხილება ეგ თემა! მადლობა”-წერს ნინე ულუმბელაშვილი, რომელსაც” გურიის მოამბე” დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა.
“დავასრულე გურიის გუბერნიაში მუშაობა. ხელშეკრულებაზე ვადა 31 დეკემბერს გამივიდა. ასევე, ჩემი ხელშეკრულების პირობებში ჩაატარეს კონკურსი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა.მიუხედავად იმისა, რომ მასზე უკეთესად წარვადგინე თავი, აიყვანეს პარტიისთვის ნდობით აღჭურვილი პიროვნება. მე კი, ფრაზით- “ნინე მიდის” გამომიშვეს. ეს არის “გუბერნატორის” გიორგი ურუშაძის პირადი გადაწყვეტილება და სამართალი. ამ ეტაპზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ.”- გვითხრა ულუმბელაშვილმა.
ცნობისთვის, ნინე ულუმბელაშვილი წლების განმავლობაში გაზეთ “გურიის მოამბის” ჟურნალისტი იყო, გუბერნიაში მუშაობა კი, გასული წლის მაისის თვეში, გიორგი სახოკიას გუბერნატორობის დროს დაიწყო.