ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწეს, არჩილ ყაზაიშვილს, რომელიც ორი დღის წინ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, წინასაპატიმრო გირაო _ 10 000 ლარი შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყაზაიშვილი, ციხიდან აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ გამოვა. ამჟამად, იგი ქუთაისის ციხეშია გადაყვანილი. მისი უფლებადამცველის, მერაბ ფუტკარაიას თქმით, ყაზაიშვილს მედიასთან კომუნიკაცია არ სურს და მას ყოველგვარი კომენტარის გაკეთება აუკრძალა. რაც შეეხება ყაზაიშვილის მეუღლეს _ ნაზი ფუტკარაძის თქმით, ფიზიკურ შეხებას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც, გამვლელმა პოლიციაში დარეკა და სწორედ ამის გამო მოხდა ყაზაიშვილის დაკავება. ” ცრუ ბრალდებაა. არანაირი ძალადობა არ ყოფილა, ”- თქვა ფუტკარაძემ.