საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თურქეთთან ბაზარი გაიხსნება და მედიკამენტები შემოვა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შემოვა უფრო მაღალი ხარისხის მედიკამენტები და შემცირდება ფასიც.
ამ ამბავს ზოგი იმედით შეხვდა, ზოგიც – ეჭვით. რას უქადის ეს ინიციატივა საზოგადოებას და ადგილობრივ ფარმაკოლოგიურ ბიზნესს? – ამ თემაზე სასაუბროდ “კვირის პალიტრა” ჯანდაცვის სპეციალისტებს დაუკავშირდა.
კახა ჯაყელი, პროფესორი, ჯანდაცვის ეკონომისტი: – თურქული წამლების გამოყენება ფარმაკოლოგიურ ბაზარზე სიძვირის პრობლემას ვერ მოხსნის. მთავარი პრობლემა ბაზარზე გამეფებული მონოპოლიებია. თავიანთი სტრუქტურით ისინი ერთგვარი კარტელებია, რომლებიც არაკანონიერი შეთანხმებებით ბაზარზე მაღალი ფასის დაწესებისკენ მიისწრაფვიან. პრეპარატი იაფადაც რომ შემოიტანონ, იმასაც ძვირად გაყიდიან. ბაზარი განაწილებულია სამ ფარმაკოლოგიურ გიგანტს შორის. კარგად უნდა იყოს შესწავლილი, როგორი წილები აქვთ მათ ბაზარზე და ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ან კონკურენციის სამსახურმა აიძულოს, დაიშალონ მრავალ, ერთმანეთის კონკურენტ სუბიექტად. მხოლოდ კონკურენცია გვაძლევს მედიკამენტების გაიაფების საშუალებას. საქართველოში წინა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ფარმაკოლოგიურ ბაზარზე მონოპოლიების წარმოქმნას. ეს მონოპოლიები ან ოლიგოპოლიები დღეს ფლობენ არა მარტო ფარმაკოლოგიურ ბაზარს, არამედ სამედიცინო სერვისების პროვაიდერების ბაზარსაც. ისინი ფლობენ საავადმყოფოებს, სადაზღვევო კომპანიებს… შესაბამისად, მათ შეუძლიათ ფასები დააწესონ სხვადასხვა ბაზარზე, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ შეუძლიათ შეთანხმდნენ და მაღალი, ზრდადი ფასები შესთავაზონ მოსახლეობას. შედეგად ბოლო ოთხ წელიწადში არაერთი პრეპარატის ფასი 250-300%-ით გაიზარდა.
წინა ხელისუფლება, ფაქტობრივად, იკვებებოდა ფარმაკოლოგიურ ბაზარზე გამეფებული მონოპოლიებით. ისინი ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როცა ერთმანეთს შეერწყა ფარმაკოლოგიური, სადაზღვევო და სამედიცინო კომპანიები. ასეთი გაერთიანებები ხელს უწყობს ფასების ზრდას, მაღალი ფასების დადგენას თუ ხარისხის დაცემას… იაფი თურქული წამლები შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი ხარისხის. მაგრამ თუ წამალი უხარისხოა, საბოლოოდ მკურნალობას აძვირებს. ნაკლებეფექტიანი იაფი პრეპარატებით მკურნალობა შედეგიანად არ დამთავრდება და დაავადება უფრო გამწვავდება. ცნობილია, რომ იაფი და ჩანაცვლებითი წამლები კი არ აიაფებს მკურნალობას, აძვირებს. ეს ფორმულის დონეზეა შემოწმებული. ხელისუფლება აცხადებს: “ჩვენ შემოვიტანთ თურქულ წამლებს”. თურქული წამლები ხელისუფლებამ კი არ უნდა შემოიტანოს, არამედ თურქული, ინდური, გერმანული თუ არაბული წამლები უნდა შემოიტანონ იმ სტრუქტურებმა, რომლებიც ფარმაკოლოგიური პრეპარატებით პროფესიონალი მოვაჭრეები არიან და მათ უნდა ჰქონდეთ განუწყვეტელი კონკურენცია. ამ კონკურენციაში გაიმარჯვებს ის, ვინც წამალს იაფად შემოიტანს და ნაკლები მოგებით გაყიდის, რადგან ასე უფრო მეტი გაეყიდება.
– რატომ ელოდებით თურქული წამლისგან მკურნალობის ხარჯების ზრდას?
– ცნობილი ფორმულაა: თუ გერმანული პრეპარატები 100%-იანი ეფექტით გამოირჩევა, თურქული პრეპარატების ეფექტი მხოლოდ 30%-ია. როდესაც თურქული პრეპარატებით, ვთქვათ, ვმკურნალობთ რომელიმე ქრონიკულ დაავადებას, ეს დაავადება კი არ აღმოიფხვრება, გადავადდება. ასე რომ, იაფი პრეპარატების გამოყენებას არავის ვურჩევ.
მეორე საკითხი: როდესაც ხელისუფლება აცხადებს, წამლები ძვირია და თურქული წამლების შემოტანით ფასები უნდა დავწიოთო, ეს არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაა. ჩანს არცოდნა ფარმაკოლოგიური ბაზრისა, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა და მოთხოვნა-მიწოდების კანონებით იმართება. რაც უფრო ძვირია წამალი, მით უფრო ნაკლები უნდა გაიყიდოს, მაგრამ თუ მონოპოლისტები შეთანხმდებიან, რომ ყველას ძვირი პრეპარატები ექნება, პაციენტები იძულებული იქნებიან, მაინც იყიდონ.
– თუნდაც იაფი ძვირად?
– რა თქმა უნდა. ბაზრის 90%-ს სამი-ოთხი გიგანტური კომპანია ფლობს. მათ შეუძლიათ შემოიტანონ იაფი წამლები და ძვირად გაყიდონ. ჩვენ უნდა ავამოქმედოთ კონკურენციის, ანტიმონოპოლიური, ანტიკარტელური სამსახური. მან უნდა შეისწავლოს ვითარება და თუ აღმოჩნდება, რომ ფარმაცევტული კომპანიები ახრჩობენ ბაზარს, სახელმწიფოს ექნება საკანონმდებლო საფუძველი, რომ სამი კომპანია კი არ იყოს ბაზარზე, არამედ – 30. დღეს საქართველოში არის 68 უნივერსიტეტი. სახელმწიფო უნივერსიტეტები და კერძო უნივერსიტეტები ერთმანეთს სტუდენტებს ართმევენ. სწავლის ღირებულება თითქმის ყველამ შეამცირა. ბევრმა უნივერსიტეტმა ის ლამის სახელმწიფო უნივერსიტეტების სწავლის საფასურს გაუტოლა. რატომ? იმიტომ, რომ ამ ბაზარზე კონკურენცია მეფობს.
– მაშ, თურქული წამლების შემოტანა რატომ დადგა დღის წესრიგში?
– ეს არის არაპროფესიონალიზმის გამოვლენა. საჭიროა ბაზრის საფუძვლიანი კვლევა. მოქმედ კომპანიებს არ შემოაქვთ თურქეთიდან პრეპარატები? ცხადია, შემოაქვთ, მაგრამ იმათაც ძვირად ყიდიან.
საქართველომ უნდა გადახედოს თავის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას. ეს ძალიან სერიოზული ნაწილია ნებისმიერი სოციალურად ორიენტირებული საბაზრო სახელმწიფოსი, როგორიც არის, მაგალითად, გერმანია, შვედეთი, ნორვეგია, დანია, აშშ. შეიძლება ხელისუფლებას არ უნდა მონოპოლიების დაშლა, რადგან იქ ინტერესები ეგულება, ამიტომაც ხალხმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იაქტიურონ, რომ ხელისუფლებამ შეიმუშაოს ჯანსაღი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომ ამხელა მონოპოლია არ გვქონდეს. სწორედ ეს აძვირებს პრეპარატებს, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი იწვევს მოსახლეობის გაღატაკებას. უნდა განვავითაროთ ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც ეფექტიანად იმუშავებს მონოპოლიების დასაშლელად.
– ანუ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გაღატაკებულ მოსახლეობას ვერ უწამლებს?
– ეს იქნება ბოსტანში იმ საფრთხობელას დადგმა, რომლიც დიდი ხანია, ყვავებმა შეჭამეს.
აკაკი ზოიძე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი: – ორი წლის წინ, როცა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახლდით, ფარმაცევტული ბაზრის სერიოზული მოკვლევა ჩავატარეთ. შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც ახლა გახმაურდა. თურქეთის ბაზრის გახსნა ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, პრობლემა კი მართლაც კომპლექსურია და თანამიმდევრულად უნდა ამუშავდეს სხვა რეკომენდაციებიც. მაშინ ჯგუფში იყო ყველა დაინტერესებული მხარე – ფარმაცევტული კომპანიებისა და პაციენტის ინტერესების დამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და სხვ. თუ მართლაც გვინდა პრობლემის მოგვარება, რამდენიმე ნაბიჯი ერთდროულად უნდა გადაიდგას.
– გამოითქვა წუხილი, თურქეთში წამლები დაბალი ხარისხისააო…
– ამიტომ რეკომენდაციაში იყო კონკრეტული მითითება. ჩვენ აღიარებითი რეჟიმი გვაქვს, ანუ პარალელური იმპორტი დაშვებულია ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც ვიცით, რომ მკაცრი ანუ სანდო მარეგულირებელი ჰყავს. არავინ მოგატყუოთ, თითქოს ჩვენს მაკონტროლებელს რაიმე ბერკეტი აქვს, რომ ბაზარზე ხარისხი აკონტროლოს. წამლის რეგისტრაციის დროსაც შეიძლება ნიმუშად ერთი წამალი წარადგინონ და მერე სხვა შემოიტანონ, ასე რომ, ფუჭია წუხილი, თითქოს ქვეყანა დაინგრევა, თუ თურქეთიდან წამალი შემოვიტანეთ. თუ ვინმეს უნდოდა ფალსიფიცირებული და უხარისხო წამლის შემოტანა, უკვე შემოტანილი აქვს, თუმცა ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენთან ეს მასშტაბური არ არის.
როგორ ხვდება ფალსიფიცირებული პარტია ბაზარზე? შეიძლება ვინმემ თურქეთში დაარეგისტრიროს კომპანია და მერე ვითომ იქიდან შემოიტანოს წამალი. ქვეყნებში, სადაც კონტროლი სუსტია, შეუძლიათ ასეთი ფალსიფიცირებული პარტიის შეტანა თურქეთის სახელით. ეს რომ ხდება, ამიტომაც იყო რეკომენდაციაში მკაფიოდ მითითებული, რომ პარალელურად უნდა გაფორმდეს შეთანხმება თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან – ჩვენს მარეგულირებელს რელურ რეჟიმში უნდა მიუწვდებოდეს ხელი თურქეთის წამლების ბაზრის მარეგულირებლის მონაცემთა ბაზებთან, რათა იმპორტისას შეამოწმონ, შემოდის თუ არა კონკრეტული პარტია თურქეთიდან.
თურქეთის ბაზარი დიდია, 80 მილიონზე მეტი ადამიანია და ფარმაცევტული კომპანიები დიდ ფასდაკლებას ახერხებენ. სახელმწიფოც ხელს უწყობს ადგილობრივ წარმოებას და მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის წამლის ღირებულებას ნაწილობრივ ფარავს. ამიტომაც შეუძლიათ იქაურ მწარმოებლებს ან შემომტანებს, დაბალ ფასად შესთავაზონ ბევრი დასახელების წამალი საკუთარ მოქალაქეებს. თუ წამლები ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვისაც ისე, რომ ფალსიფიკაციით არ დავზარალდეთ, მხოლოდ მისასალმებელი იქნება.
ამის გარდა, უნდა მოიხსნას ნებისმიერი ადმინისტრაციული ბარიერი, რომელიც ხელს უშლის პარალელურ იმპორტს სხვა ქვეყნებთან. უმთავრესია ე.წ. არაეთიკური მარკეტინგი, რომელსაც ჩვენს ბაზარზე ძალიან ბევრი კომპანია იყენებს. მათი უმეტესობა უცხოეთშია დარეგისტრირებული – აზერბაიჯანი იქნება, თურქეთი თუ სხვა ქვეყნები, მაგრამ არიან ასეთი ქართული კომპანიებიც, იურიდიული პირებიც…
– რას გულისხმობს არაეთიკური მარკეტინგი?
– გულისხმობს ექიმების მიერ წამლის გამოწერას მხოლოდ იმ დასახელებით, რომლითაც კომპანია აწარმოებს, კანონით კი ექიმმა წამალი პროდუქტის გენერიკული დასახელებით უნდა გამოწეროს, მაგალითად, არა ბაიერის ასპირინი, არამედ აცეტილსალიცილის მჟავა. ისინი კი გამოწერენ კონკრეტული კომპანიის წამალს და ამის შედეგად საკომისიოს იღებენ. თან კონსულტანტებად არიან გაფორმებული და ანაზღურებას ოფიციალურად იღებენ. ეს კანონმდებლობით თითქოს პირდაპირ არ არის აკრძალული. Mმართალია, ჯანდაცვის კანონი სამედიცინო პერსონალს უკრძალავს ანგარების მიზნით მკურნალობის დანიშვნას, მაგრამ კანონში არ არის მექანიზმი, რომელიც დაამტკიცებს, რომ ეს ანგარებით გაკეთდა. ექიმს ყოველთვის შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი აზრით, კონკრეტული წამალი საუკეთესოა და ამიტომაც უნიშნავს პაციენტს.
უამრავი ღირსეული ექიმი გვყავს და ფიქრობს, წამლის გამოწერისას პაციენტი არ დააზიანოს, ზოგიერთი კი მართალია, ნიშნავს წამალს, რომელიც მართლაც სჭირდება პაციენტს, მაგრამ მასთან ერთად უწერს სამ-ოთხ სხვა წამალსაც, რომლებიც მას მხოლოდ თეორიულად შეიძლება სჭირდებოდეს. სინამდვილეში რეკომენდებული არ არის ერთი დაავადებისას ორ-სამ წამალზე მეტის გამოწერა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. სამეზობლო-სამეგობროში გვინახავს დანიშნულებები 7-8 წამლით. მათგან შეიძლება ორი დასახელება კონკრეტულ დაავადებას მკურნალობდეს, დანარჩენი კი ბიოაქტიური ნივთიერებებია, რომლებიც არც ვნებს და არც რგებს პაციენტს.
ჩვენს გეგმაში თურქეთი იყო მეოთხე რეკომენდაცია. პირველი იყო მაქსიმალური აღრიცხვა, ვინ რამდენს და რას უნიშნავს პაციენტს. ექიმმა უნდა იცოდეს, რომ მისი დანიშნულება საჯარო იქნება. მეორეა სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამის გაზრდა. ხანდაზმულების, სოციალურად დაუცველების – სულ მილიონზე მეტი ადამიანისთვის სიმბოლურ ფასად ხდება ხუთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადების სამკურნალო 23 დასახელების პრეპარატის სუბსიდირება. ეს ცოტაა, რაოდენობა 100 დასახელებამდე უნდა გაიზარდოს.
რაც შეეხება ზღვრული ფასების დაწესებას, მოქალაქეებისთვის, რომელთაც სუბსიდირება არ ეხებათ, უნდა დაწესდეს ზღვრული ფასები ზემოთ აღნიშნულ 100 წამალზე და ამაში თურქეთის ბაზრის გახსნაც დაგვეხმარება. ამით მხოლოდ მოვიგებთ და არაფერს წავაგებთ. წააგებენ მხოლოდ არაკეთილსინდისიერი კომპანიები.