„ვითხოვთ ანაზღაურების 100%-ით ზრდას“ – ბაღის მასწავლებლები ხელფასის 10% ზრდას აპროტესტებენ. მართალია, ფინანსთა მინისტრმა უკვე დააანონსა, რომ საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასი გაიზრდება, მაგრამ სფეროში დასაქმებულები მიიჩნევენ, რომ ეს არათუ საკმარისი, არამედ სამარცხვინოა, რადგან მათ ბავშვების სიცოცხლე აბარიათ და ყოველდღიურად, კოვიდპანდემიის ფონზე, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უწევთ სამსახურში სიარული. სწორედ ამიტომ, მიიჩნევენ, რომ საბავშვო ბაღებში დასაქმებულების ანაზღაურება 10-ით კი არა 100 % – ით უნდა გაიზარდოს. სოციალურ ქსელში ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ და რამდენიმე კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
“მარტო მშობლებს აქვთ პრეტენზიის გამოხატვის უფლება? ჩვენც ვართ მშობლები და ჩვენს უკან დიდი ოჯახები დგას. მათაც ბევრი სჭირდებათ.”
“ბაღის თანამშრომლები მარტო არჩევნებზე კი არ უნდა ახსენდებოდეთ. დიდი დაფასებაა ღმერთმანი 10%-ით ხელფასების ზრდა.”
“ყველაზე დაჩაგრული ბაღის თანამშრომლები ვართ, სამარცხვინო ხელფასებზე ვმუშაობთ განსაკუთრებით პერსონალი.”
“ჩვენი შრომის დაუფასებლობა და უპატივცემულობაა ასეთი მიზერული ხელფასი, თანაც ამ ინფლაციის პირობებში.”
”ისე იძახდნენ,ბაღის თანამშრომლებს დაბალი ხელფასები აქვთ და უნდა მოვუმატოთო, მეგონა რაღაც კარგად მოგვიმატებდნენ, ყველაზე დაბალი ხელფასები არის ბაღში და ყველაზე დაუფასებელია შრომა.”
“გულდასაწყვეტია მართლაც,ჩვენი შრომა დაუფასებელია, მოტივაციას გვიკარგავენ საყვარელი საქმის მიმართ, სამარცხვინო ხელფასებია და როგორი საპასუხისმგებლო საქმე გვაკისრია ბაღის ყველა პერსონალს, იმედია რამეს გაიმეტებენ.”
“სკოლაზე ნაკლები ტვირთი აქვს ბაღს ასე რომ გვაიგნორებენ?”
“ისიც ბევრმა იცის და ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს – ბევრი ბაღის დირექტორისგან მოდის თითის ქნევა და მუქარა. ხმა არ ამოიღოთ , ბაღისა და დირექტორის პრესტიჟზე აისახება თანამშრომლების პროტესტი, დირექტორებს შეგვიყენებენ წყალსო.”
“ძალიან ბევრი რამის გამო იკავებს ბაღის პერსონალი თავს. სამსახურების დაკარგვის ეშინიათ, რაც ძალიან სასაცილოა, ვფიქრობ, ასეთი აზროვნება ძალიან დაბალი დონეა დღეს.”
“ბაღის პერსონალს აქვს ძალიან დაბალი ანაზღაურება. მარტო აღმზრდელები არ მუშაობენ ბაღში. ტექ-პერსონალს ხომ საერთოდ სამარცხვინო ხელფასი აქვს, რა აზრი ჰქონდა ტრენინგებს და სერთიფიკატებს. ხელფასებზე ეს არ აისახება” – წერენ სოციალურ ქსლეში.