პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსების თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან მობილიზებული რუსეთის ძალების მასშტაბები ნიშნავს, რომ თავდასხმას მძიმე შედეგები მოჰყვება:
„თუ ეს თავდასხმა უკრაინაზე განხორციელდა, მნიშვნელოვან მსხვერპლს გამოიწვევს“, – აღნიშნა გაერთიანებული შტაბის უფროსების თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მჭიდროდ დასახლებული ქალაქების ტერიტორიებზე ბრძოლა „საშინელება“ იქნება.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ კონფლიქტი გარდაუვალი არ არის და ჯერ კიდევ არის დრო დიპლომატიისთვის.
“კონფლიქტი გარდაუვალი არ არის. ჯერ კიდევ არის დრო და სივრცე დიპლომატიისთვის”, – განაცხადა ოსტინმა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.
„არ არსებობს მიზეზი, რომ ეს სიტუაცია კონფლიქტში გადაიზარდოს. მას შეუძლია თავისი ჯარების გაყვანის ბრძანება გასცეს“, – დასძინა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზადაა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში, მათ შორის დამატებითი იარაღის მიწოდებით.