ტელეკომპანია “ფორმულას ” ეთერში გასულ სიუჟეტში ასახულია კადრები, სადაც გურიის პოლიციის დეპატრამენტის ოცმეთაური ელდარ ჟღენტი, მძინარე ჯარისკაცს ურტყამს ფეხს, დასცინის, გაღვიძების შემდეგ კი არ აძლევს უფლებას , პატრულის მანქანაში ჩაჯდეს. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ დასცინიან პოლიციელები გზის პირას დავარდნილ ახალგაზრდას. აღნიშნული კადრები მძინარე სამხედრო პირს თავად ელდარ ჟღენტმა სოფელ წყალწმინდის მიმდებარედ გადაუღო და შემდეგ სამსახურის საერთო ჩათში გაავრცელა.
“შაბათის ფორმულას” ინფორმაციით, ჟღენტი წინა ხელისუფლების დროს, ადამიანის ცემის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში , ის არამარტო ციხიდან გამოუშვეს და სისტემაში აღადგინეს, არამედ ოცმეთაურადაც დააწინაურეს. ჟღენტის წარსულ დანაშაულებს უარყოფენ მისი ოჯხის წევრები და ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია: “წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობთ, მსგავსი რამ არ ყოფილა” – ამბობს ჟურნალისტთან საუბარში ელდარ ღლონტის შვილი.
ის, რაც არ ახსოვს ღლონტის გარემოცვას, კარგად ახსოვთ ოპოზიციაში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” წევრი და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე, 2012 წელს მომხდარ ინციდენტს იხსენებს: “წინა ხელისუფლების დროს, 2012 წელს, რესტორანში მოქალაქეებთან ჩხუბის დროს დააკავეს. ხელისუფლების შეცლის შემდეგ კი მფარველებმა გამოუშვეს. ამის შემდეგ დააწინაურეს და გურიის საპატრულო დეპარტამენტის ოცმეთაურია დღეს” – აცხადებს ქათამაძე.
დამამცირებელი მოპყრობა გურიის პოლიციის მხრიდან უცხო ამბავი არ არის არც ადგილობრივებისთვის და არც ოპოზიციისთვის. ბესო ქათამაძე საკუთარ თავზე გადამხდარ ამბავს იხსენებს: “კორუფციას როცა ვაპროტესტებდი, დამაკავა პოლიციამ, ერთი ბახვის განყოფილების უფორსია, მეორე ჩოხატაურის პოლიციის მოადგილე, იქცევიან ძველბიჭურად , გებლატავებიან და საქმეებს გირჩევენ. ამით არის პოლიცია გურიაში დაკავებული.” -აცხადებს ქათამაძე.