აშშ-მ პუტინთან დაახლოებული პირების სია მოამზადა, რომლებსაც სანქციები ემუქრებათ – თეთრი სახლი


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოამზადა რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ადამიანების სია, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში შესაძლოა ეკონომიკური სანქციები დაეკისროთ. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა ჯენიფერ ფსაკიმ ისაუბრა.

მისი განმარტებით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა შეიმუშავეს სანქციების პაკეტი რუსეთის ელიტისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

“ჩვენ მიერ გამოვლენილი პირები არიან კრემლის უახლოესი გარემოცვიდან ან მათთან დაახლოებული პირები და ასრულებენ მნიშვნელოვან როლს მთავრობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან უშუალოდ მონაწილეობენ კრემლის დესტრუქციულ ქმედებებში. ბევრი მათგანს განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან მათ მჭიდრო ფინანსური კავშირები აქვს დასავლეთთან. დასავლური ფინანსური სანქციებით ისინი დაზარალდებიან. მე დავამატებ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ძალისხმევის ნაწილია, რომ შევძლოთ ზეწოლა რუსეთზე ყველა მხრიდან”, – თქვა მან.

რა ხდება უკრაინაში

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.

მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share