ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:
“ამ ქვეყანაში სიღარიბე განაჩენია!
ყოვედღე ვხედავთ, როგორ მიდიან ბავშვები სკოლაში, ფეხზე სხვისი გამონაცვალი ბოტასი აცვიათ, ქურთუკიც – სხვისი გამონაცვალი, სუსტ მხრებზე სხვისი გამონაცვალი ჩანთით
მიაქვთ სხვისი ტვირთი…
ან მოწყალებას ითხოვენ, ან ჯართს აგროვებენ, ან პურის მოპარვას ახერხებენ, რისთვისაც ისჯებიან, ის ადამიანები სჯიან, რომლებმაც ბევრი მოიპარეს და
ახლა ძვირადღირებულ მანქანაში მსხდომები, ზებრაზე გადასვლასაც არ აცდიან ბავშვებს,
რადგან ისინი, მდიდრულად ჩაცმული არსებები,
ოკუპანტის გარდა, არავის არაფერს უთმობენ…
და მშიერი, გაყინული ბავშვები შედიან სკოლაში, სადაც მასწავლებლები,
სხვაზე გაბრაზებულები, ლანძღავენ და ეჩხუბებიან…
და ისევ გზა სახლისკენ,
გზა, რომელიც სავსეა გამონაბოლქვით, მოძალადე ადამიანებით,
ტროტუარებიც კი ძვირადღირებული მანქანებით გავსებულა…
სიღარიბეს რომ ვერ ამჩნევენ, იმ არსებების მანქანებით…
არსად არ არის ბავშვებისთვის ადგილი, არც – სახლში, რომელშიც ბრუნდებიან
ბინძური ქუჩებიდან, ქუჩებიდან, რომელიც არ ირეცხება, მხოლოდ
ნაკურთხი წყლით სველდება ხოლმე, გაქსუებული ანაფორიანი კაცები რომ აპკურებენ,
ცინიზმის მამები…
მშიერი ბავშვები შედიან უბადრუკ სახლებში, სადარბაზოდანვე რომ სიღარიბე ეტაკება
მათ ნატანჯ სახეებს.
ოთახში კი კედლები გაბზარულია, იატაკი ალაგ-ალაგ ამოცვენილი, წვიმის წვეთებისგან დამპალი და გაუბედურებული ავეჯი ელოდებათ,
ანთებული გაზქურა, რომელიც ჟანგბადს ჭამს და
ბავშვებს სუნთქვის საშუალებას ართმევს…
მშობლებსაც ართმევს, მშობლებს, რომლებსაც უხარიათ,
თუ სოციალურად დაუცველის სტატუსს მიიღებენ, რადგან ამ ქვეყანაში სხვა გზა გადარჩენისთვის არასდროს არ ჩანს…
სიღარიბე განაჩენია!
ამ სიღარიბეში იძინებენ ღამით ბავშვები და დილით ვეღარ იღვიძებენ… ვერასდროს ვეღარ იღვიძებენ,
რადგან სიღარიბე კლავს ადამიანს ამ ქვეყანაში…
და სიკვდილი ამთავრებს მათ სიღარიბეს,
მათ მშობლებსაც თუ გაუმართლათ, ისინიც შვილებთან ერთად იძინებენ სამუდამოდ…
და აღარასოდეს მოშივდებათ, აღარსოდეს ეტკინებათ,
არ გახდებიან სხვისი აგრესიის ობიექტები…
ამ ქვეყანაში სიღარიბე განაჩენია,
უპერსპექტივობა განაჩენია…
და ის მდიდარი არსებები, რომლებმაც ბავშვებს ყველაფერი წაართვეს
მშვიდად აგრძელებენ სხვა ბავშვებისა და
მათი მშობლების უპერსპექტივობის კეთებას,
მათ შვილებს აქვთ გადარჩენის პერსპექტივა,
ოღონდ აქ – არა,
სხვა ქვეყანაში.”