იტალიის მთავრობა ქუჩაში პირბადის ტარების ვალდებულებას აუქმებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე მიიღო.
ჯანდაცვის მინისტრის რობერტო სპერანსას მიერ დადგენილი ახალი წესების მიხედვით, 11 თებერვლიდან მინიმუმ 31 მარტამდე დამცავი ნიღბების ტარება მხოლოდ ხალხმრავალ ადგილებში და დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში იქნება საჭირო.
მანამდე სპერანსამ და სპორტის მინისტრმა ვალენტინა ვეცალიმ განაცხადეს, რომ მთავრობა მიზნად ისახავს 1-ლი მარტიდან სტაბილურად გაზარდოს სპორტულ სტადიონებზე დასწრების ლიმიტები.
იტალიაში ახალი COVID 19-ის ინფექციების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ბოლო კვირებში თანდათან მცირდება, მაგრამ დაღუპულთა რიცხვი მაღალი რჩება.
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 101 864 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 415 ადამიანი გარდაიცვალა.