თეთრკუდა ირმებში კორონავირუსის ომიკრონ-ვარიანტი გამოვლინდა

ნიუ იორკის შტატში, თეთრკუდა ირმებში (Odocoileus virginianus) კორონავირუსის ომიკრონ-ვარიანტი დააფიქსირეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ში ამ ცხოველების რაოდენობა 30 მილიონს აჭარბებს, მკვლევრები შიშობენ, რომ ისინი შესაძლოა კორონავირუსის ახალი შტამის მასპინძლები გახდნენ.

ნიუ იორკის სტეიტენ-აილენდზე 131 ირმისგან აღებულმა სისხლისა და ცხვირის ნაცხის ნიმუშებმა ცხადყო, რომ დაახლოებით 15 პროცენტს კორონავირუსის ანტისხეულები ჰქონდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ ცხოველებს კორონავირუსის ინფექცია აქვთ გადატანილი და შესაძლოა, ვირუსის ახალი ვარიანტებით ხელახლაც დაინფიცირდნენ. კვლევა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.

„ცხოველთა პოპულაციაში ვირუსის ცირკულირება ყოველთვის აჩენს მათგან ადამიანებისთვის გადადების შესაძლებლობას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ფაქტი ვირუსს ახალ ვარიანტებად განვითარების კიდევ უფრო მეტ საშუალებას აძლევს“, — ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი სურეშ კუჩიპუდი.

მისი განცხადებით, როდესაც ვირუსი მთლიანად განიცდის მუტაციას, მან შეიძლება თავი აარიდოს ამჟამინდელ ვაქცინებს და შესაბამისად, საჭირო გახდეს ვაქცინების კვლავ შეცვლა.

ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ცხოველებისგან ინფექცია ადამიანებზე გადადის, მაგრამ შემთხვევათა დიდი ნაწილი სწორედ იმ სახეობებში დაფიქსირდა, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ COVID-19-ით ინფიცირებულ პირთან.

2021 წლის აგვისტოში, კორონავირუსის დელტა-ვარიანტი გარეულ ირმებში რამდენიმე შტატში დააფიქსირეს.

წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share