მთისპირსა და ჩხაკაურაში ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდა

მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 11 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის და ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას ადმინისტრაციულ შენობებში გაიმართა. განხილვას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო სკოლისა და ბაღის ხელმძღვანელები და პედაგოგები და მთისპირის თემის ოთხივე სოფლის (მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა) და სოფელ ჩხაკაურას მოსახლეობა.  ჩხაკაურაში მიმდინარე განხილვას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი დავით შარაშიძეც ესწრებოდა.

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სამინისტროს წარმომადგენელმა წარადგინა, რის შემდეგაც სიტყვით განმახორციელებელი კომპანიის „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე გამოვიდა.  პროექტის ტექნიკურმა მენეჯერმა გიგლა სიხარულიძემ, პროექტის ტექნიკური პარამეტრების შესახებ ისაუბრა; განხორციელებული კვლევები, გარემოსდაცვითი საკითხები და სოციალური პროგრამა კი, პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ მიმოიხილა.

მთისპირსა და ჩხაკაურაში გამართულ საჯარო განხილვებმა კითხვა – პასუხის რეჟიმში ჩაიარა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაფიქსირდა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი, რაც დამსწრეთა სიმრავლეში გამოიხატებოდა. დამსწრე საზოგადოებას აინტერესებდა კომპანიის გეგმები როგორც გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით, ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია სოციალურმა პროგრამამ და მის განხორციელებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა. აღინიშნა, რომ სამუშაოები, რომელიც კომპანიამ გასწია გზშ-ს მოსამზადებელ პერიოდში, ფასდაუდებელია. ასევე, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ შემუშავებული სოციალური პროგრამა პასუხობს სწორედ იმ საჭიროებებს და გამოწვევებს, რომელიც რეალურად არსებობს პროექტის მიმდებარედ არსებულ სოფლებში. ორივე სოფლის მოსახლეობამ მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და სამინისტროს ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2021 წლის 23 დეკემბერს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share