მიმდინარე წლის იანვარში საარსებო მინიმუმი წლიურად 30,7 ლარით გაიზარდა და “შრომისუნარიანი მამაკაცის” არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა 226,2 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.
კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ იანვრის თვეში “საშუალო მომხმარებლის” საარსებო მინიმუმი წლიურად 27,2 ლარით არის გაზრდილი და 200,4 ლარს შეადგენს.
საარსებო მინიმუმის ამგვარი ზრდა ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას უკავშირდება. როგორც ცნობილია, იანვარში წლიური ინფლაცია 13,9% იყო, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. ამასთან, იმავე თვეში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა. როგორც ცნობილია, საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას დიდი წილი სწორედ სურსათზე მოდის.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ იანვარში, წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა როგორც “შრომისუნარიანი მამაკაცისთვის” 2,7 ლარით, ხოლო “საშუალო მომხმარებლისთვის” 2,4 ლარით არის გაზრდილი.
საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია “საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება