პოლიტიკაში ძალაუფლების დემონსტრირებისთვის, შთაბეჭდილების მოსახდენად, დიალოგის დროს უპირატესობის მოსაპოვებლად, მოსახიბლად ან დასაშინებლად არაერთი მეთოდი არსებობს, ისეთებიც, რომლებიც, შესაძლოა, უჩვეულოდ და უცნაურად გეჩვენებათ.
ექსპერტები ამბობენ, რომ ავეჯსა და ინტერიერს განსაკუთრებული როლი აქვს.
პოპულარულ სერიალ “სამეფო კარის თამაშებში“ ძალაუფლების მქონე უმაღლესი პირისთვის განსაზღვრულია რკინის ტახტი, რომელიც დამარცხებული მტრის გადამდნარი ხმლებისგანაა შექმნილი.
- ვნახოთ, რა ხდება რეალურ ცხოვრებაში…
რეალურ ცხოვრებაში არსებობს ვლადიმერ პუტინი და მისი დამაბნეველი მასიური, გრძელი თეთრი მაგიდა, რომელიც ბოლო დღეებია მედიის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია. ეს ის მაგიდაა, რომელთანაც რუსეთის ფედერაციის ლიდერმა უცხოელ კოლეგებს უმასპინძლა. “ნიუ-იორკ თაიმსის” ვერსიით, უზარმაზარი, ოვალური მაგიდის სიგრძე 6 მეტრია, “გარდიანი” წერს, რომ მისი სიგრძე 4 მეტრი უნდა იყოს, ხოლო “ფრანს 24”-ის ვერსიით – 5 მეტრი.
მაგიდას აქვს სამი მასიური სადგამი და მასზე ერთადერთი, პატარა თაიგული დევს.
- რატომ მასპინძლობს პუტინი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს გიგანტურ მაგიდასთან? – ოფიციალური მიზეზი
ოფიციალურად, პუტინი გიგანტურ მაგიდასთან დასავლელ ლიდერებს კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით იღებს. კრემლში ვიზიტისას, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ასევე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი განაცხადეს “რუსული პისიარ ტესტის” გაკეთებაზე, რის შემდეგაც პუტინთან დისტანცირებულ გარემოში მოუწიათ მოლაპარაკების გამართვა.
“მაკრონს ორი არჩევანი ჰქონდა, ან რუსეთის ხელისუფლების მიერ “პისიარ“ ტესტის ჩატარებას დათანხმებოდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიუახლოვდებოდა, ან უარის შემთხვევაში, მისგან მკაცრი სოციალური დისტანცია უნდა დაეცვა. მაკრონმა ტესტზე უარი თქვა და ამ გზით რუსეთს მის დნმ-ზე წვდომის საშუალება არ მისცა”, – წერს სააგენტო “როიტერსი.”
“გარდიანი” კი აღნიშნავს, რომ 69 წლის პუტინი ცნობილია თავისი პარანოიდული დამოკიდებულებით Covid-19-ის მიმართ და პანდემიის განმავლობაში, დიდწილად დროს იზოლირებულად ატარებს, ასევე განსაკუთრებულ ზომებს იღებს უცხოელებთან შეხვედრისას. პუტინთან შეხვედრამდე ადამიანებს მოეთხოვებათ ორკვირიან კარანტინში ყოფნა. ამბობენ, რომ მოსკოვის ხელოვნების ცენტრის გახსნამდე, მისი დირექტორი ორი კვირით კარანტინში იყო, რათა პუტინთან ერთად შენობაში შესულიყო.
აღსანიშნავია, რომ პუტინი ზოგიერთ რუს პოლიტიკოსთანაც დიდ დისტანციას იცავს. მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი შეხვედრისას ძალიან გრძელ მაგიდასთან იჯდა.
- ის, ვისთანაც პუტინი დისტანციას არ იცავს
საინტერესოა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, არის ერთი ადამიანი, რომელთანაც პუტინი დისტანციას არ იცავს. ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ის და ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ და კამერების წინ ერთმანეთს გადაეხვივნენ კიდეც, რაც დასავლეთთან გართულებული ურთიერთობის ფონზე, მათი მტკიცე და ძლიერი ალიანსის დემონსტრირება იყო.
- პუტინის გიგანტური მაგიდების სიმბოლიკა
ანალიტიკოსები კორონავირუსთან დაკავშირებული შიშის გარდა, პუტინის გიგანტურ მაგიდებში სხვადასხვა მესიჯის ამოკითხვას ცდილობენ და ამბობენ, რომ მისი სიმბოლიზმი ბევრ რამეზე მეტყველებს – აჩვენებს პუტინს როგორც შორეულ და იზოლირებულ ფიგურას.
“აშკარაა, რომ ის უფრო და უფრო მარტოა. როგორც ჩანს, აღარ აინტერესებს რას ფიქრობენ მასზე სხვები“, – განუცხადა AFP-ს პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, კონსტანტინე კალაჩოვმა.
საინტერესოა, რომ პუტინთან შეხვედრამდე მაკრონმა თქვა, რომ მოსკოვში “ინტენსიური მოლაპარაკებებისთვის“ მიდიოდა და ეძებდა “ისტორიულ გადაწყვეტას“ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მოსალოდნელ საფრთხეზე. დასავლურ მედიაში ვარაუდობდნენ, რომ კრემლში გიგანტური მაგიდა მაკრონის დასაბნევად, მასზე გავლენის მოსაპოვებლად, ზემოქმედებისთვის, ძალაუფლების დემონსტრირებისთვის შეარჩიეს.
გრძელი, თეთრი მაგიდის პომპეზურობას ემატება დეკორი, სქელი ოქროსფერი ფარდები და ღია ფერის ხალიჩა, რაც საერთო ჯამში, ცივ გარემოს ქმნის.
- გამოხმაურება სოციალურ ქსელში
ზოგიერთმა მაგიდა საციგურაო მოედანს შეადარა, ზოგმა მას “ბოლო ვახშმისთვის“ განკუთვნილი მაგიდა უწოდა. ზოგიერთი ხუმრობს, რომ პუტინი ასეთ დისტანციაზე იმიტომ ზის, რომ შეამოწმოს, რამდენად კარგი მხედველობა აქვს.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა არაერთი მიმი შექმნეს. გადავხედოთ ზოგიერთ მათგანს:
პუტინის გიგანტური მაგიდის შესახებ სოციალური ქსელების ქართულ სივრცეშიც იხუმრეს:
- მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები და სანახაობრივი გარემო
პუტინი არ არის მარტო, როცა საქმე ეხება მსოფლიო ლიდერებსა და მათ სანახაობრივ ავეჯს, თუ შეხვედრებისას უჩვეულო გარემოს. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვედრების ოთახში წიგნების იმდენი კარადა აქვს, რომ პატარა ბიბლიოთეკასაც კი გაუწევდა კონკურენციას.
პანდემიის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი, ვიდეოზარებს ჩინეთის დიდი კედლის შთამბეჭდავი ნახატის ფონზე პასუხობდა.
ლიბიის ყოფილი დიქტატორი, მუამარ კადაფი კი ლიდერებთან შეხვედრებს დიდ და ფერად კარავში აწყობდა ხოლმე. ამბობდნენ, რომ ეს ერთგვარი ხრიკი იყო, რათა მათზე ფსიქოლოგიური გამარჯვება მოეპოვებინა შეხვედრისთვის შეუფერებელ ადგილას მიწვევით. კადაფმა თავისი კარვებით მოიარა მსოფლიო და არაერთ ქალაქში გაუშლია ის. მათ შორის, რომში და ნიუ იორკში.
უჩვეულო გარემოში შეხვედრებზე საუბრისას გავიხსენოთ საქართველოში 2014 წელს საფრანგეთის მაშინდელი პირველი პირის, ფრანსუა ოლანდის ვიზიტი. საქართველოს იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ოლანდს ასეთ გარემოში უმასპინძლა: