“ოცნების” ტყუილი და სამი კითხვა, რომელიც დავით გარეჯის საქმეს ნათელს მოჰფენს – შაშკინი 2018 წელს რუსეთიდან შემოტანილ რუკებსა და მონასტრის საქმის დეტალებზე საუბრობს
დავით გარეჯის საქმე – საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას დაკავება, მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება და ვითარება, სადაც ქართული ქრისტიანული კულტურის უდიდესი ძეგლი პოლიტიკური მანიპულირების თემად იქცა.
“ხელისუფლების ტყუილი და სიწმინდით სპეკულირება'” – ასე აფასებს გარეჯის საკითხთან დაკავშირებულ ვითარებას და მმართველი პარტიის დამოკიდებულებას “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭს წევრი და თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი.
დიმიტრი შაშკინი “ნიუპოსტთან” ამბობს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა და ამ ფაქტს ვერაფერი დაემუქრება. მისივე სიტყვებით, სწორედ ამ პოზიციის გამო, მიხეილ სააკაშილის მთავრობა ცდილობდა საკითხის საქართველოს მხარისთვის სასრგებლოდ გადაწყვეტას.
შაშკინი ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულო ბრალდებებს ეხმაურება.
„დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლი და ის არის საქართველო. ეს ასეა და წერტილი, ამას არ შეიძლება რამე დაემუქროს ან რამე შეიცვალოს.
ზუსტად ამ პოზიციიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა აკეთებდა ყველაფერს, რომ დავით გარეჯის კომპლექსი ყოფილიყო დე–იურე გაფორმებული და ის საკითხები, რომელიც არსებობდა საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილიყო ჩვენი პოზიციის სასარგებლოდ. ამაზე იყო სწორედ ორიენტირებული მიხეილ სააკაშვილის მთავრობა. ეს არის პირველი ფაქტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, – ამბობს შაშკინი.
შაშკინის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის არ არსებობს არავითარი სიწმინდე, რადგან მას ხელისუფლებაში დარჩენა ყველაფრის ფასად სურს:
„ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ხელისუფლებისგან, რომელიც მთავრობაში ბავშვის მკვლელობით მოვიდა, რომ ისინი ყველა ბინძურ მეთოდს გამოიყენებენ. ახლა კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერზე არის წამსვლელი, ოღონდ დარჩნენ თანამდებობებზე. მათთვის არ არსებობს არანაირი სიწმინდე, არანაირი ისტორიული, კულტურული, რელიგიური ფაქტორი. არსებობს მხოლოდ წყურვილი ხელისუფლებაში ყოფნისა, რათა გაძარცვონ ხალხი, მოიპარონ კიდევ უფრო მეტი ფული. ეს არის „ქართული ოცნება“ და ეს არის მეორე ფაქტორი“, – აცხადებს დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
ენმ–ის პოლიტიკური საბჭოს წევრი მიმართავს საზოგადოებას – საკუთარ თავს სამი მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვან და ამ საკითხზე ნათელ პასუხს მიიღებენ. შაშკინი ხელისუფლების მხრიდან სიცრუის გავრცელებაზე საუბრობს და რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ უზარმაზარი ტყუილი. ვნახეთ ამაზრზენი მცდელობა დავით გარეჯით სპეკულაციისა. მე მინდა მივმართო ყველა ადამიანს, რომელსაც აქვს კრიტიკული აზროვნება, აქვს ინტელექტი, რომელიც ფიქრობს და აზროვნებს. ბუნებრივია არ ველაპარაკები „ქართული ოცნების“ ტროლებს და „ქართული ოცნების“ ბოტებს. მე ველაპარაკები ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ფიქრისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.
სანამ „ქართული ოცნების“ ამაზრზენ ტყუილს მოისმენთ, დასვით სამი კითხვა.
კითხვა ნომერი პირველი – რატომ შედიოდნენ მომლოცველები მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დროს დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე და ახლა ვერ შედიან?
კითხვა ნომერი ორი – თუ „ქართულ ოცნებას“ ეს რუკები ჰქონდა, აქამდე რატომ არ აჩენდნენ?
კითხვა ნომერი სამი – რაზე არის საუბარი? დემარკაცია დავით გარეჯთან ახლოს არ არის დასრულებული, რაზე არის დავა საერთოდ? 2012 წელს ძალიან ახლოს ვიყავით, რომ ეს დაგვესრულებინა თუმცა, არ არის დასრულებული.
ეს სამი კითხვა ყველა ადამიანმა თავის თავს უნდა დაუსვას და მერე ძალიან მარტივი იქნება პასუხი ტყუილზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
რეალობა ასეთია – ეს რუკები იყო შემოტანილი საქართველოში რუსეთიდან 2018 წელს „ქართული ოცნების“ პერიოდში, როგორც თვითონ რუსები ამბობენ. ორი წელი თითი თითს არ დაადეს, გარდა იმისა, რომ ჩვენს ხალხს დავით გარეჯში მისვლა აეკრძალათ. ახლა კი ცდილობენ ერთ–ერთი ყველაზე დიდი სიწმინდით ისპეკულირონ, რაც გაგვაჩნია. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. თუმცა, არ მიკვირს, რადგან ხელისუფლებაში ბავშვის მკვლელობით მოვიდნენ“, – აცხადებს დიმიტრი შაშკინი.