კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით, „ჯოგური იმუნიტეტის” ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობდა მოლოდინი, რომ ჩამოყალიბდებოდა ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი და გაჩერდებოდა ინფექცია, თუ ყველა გადაიტანდა.
„სამწუხაროდ, რეინფიცირების მაღალი რისკებია და „ომიკრონთან” ეს ხუთჯერ გაზრდილია. რა თქმა უნდა, „ჯოგური იმუნიტეტის” ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ინფექციის აღმოფხვრა და ამოძირკვა ვერ მოხდება”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელს, მისი თქმით, ამ კუთხით მაინც კრიტიკულ ზღვარზე ვართ.
„დელტასთან” მიმართებაში თუ ვიტყვით, რომ 60 ათასი აქტიური შემთხვევა გვქონდა, მაშინ გარდაცვალება 70-80 იყო. იმ ტიპის მსგავსი სიკვდილობა რომ გვქონდეს, 200 ათას აქტიურ შემთხვევაზე, დღეში 250 ადამიანი უნდა გვეღუპებოდეს. „დელტას” სიკვდილობა რომ ჰქონდეს ამას შერჩენილი, ეს უნდა იყოს დღეში 200 ადამიანის სიკვდილი, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.
ქვეყანაში ერთ მილიონ მოსახლეზე 8 ადამიანზე მეტი რომ იღუპება, ეს უკვე განგაშის ნიშანია, ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ განგაშის ნიშანში ვართ. ერთ მილიონ მოსახლეზე 20 ადამიანი გვეღუპება. ამიტომ, ჩვენ მაინც ძალიან კრიტიკულ ზღვარზე ვართ სიკვდილობის თვალსაზრისით”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
ბიძინა კულუმბეგოვმა ასევე ისაუბრა აცრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მძიმე დაავადებისგან დაცვის გარანტია საკმაოდ მაღალია.
„ადამიანი, რომელიც არის ორჯერადად აცრილი, მას აქვს მძიმე დაავადებისგან დაცვის გარანტია 80%-ით, თუ 6 თვე და მეტი არ არის გასული ვაქცინაციიდან. თუ 6 თვეზე მეტია გასული მეორე აცრიდან და არ გაიკეთა დამატებითი დოზა, ეს ეფექტურობა 57%-მდე მცირდება. ადამიანი, რომელმაც მეორე დოზის შემდგომ გაიკეთა სამ თვეში „ბუსტერი,” მძიმე დაავადებისგან დაცვის გარანტიაა უკვე არის 90%. ეს არის უზარმაზარი პროცენტი და სწორედ მაღალი „ბუსტერული” ვაქცინების მოცვის ქვეყნები, რიგრიგობით აქვეყნებენ, როგორ ასრულებენ კოვიდრეგულაციებს და როგორ უბრუნდებიან ნორმალური ცხოვრების რიტმს”, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.