მიხეილ ყაველაშვილმა აღიარა რომ “ოცნება” სააკაშვილს განზრახ სჯის

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული შიმშილობა კომიკურ სახეს უფრო ატარებს, რადგანაც, მისი შეფასებით, სააკაშვილი ამით მსოფლიო ყურადღების მიპყრობას ცდილობს, რომელციც ამჟამად უკრაინას ეთმობა.

„არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რამდენად შეიძლება რაიმე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი ამ ადამიანს თემები გამოელევა, ცდილობს, ყურადღება მიიპყროს. დღეს, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინის პრობლემაზე. მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, როგორმე ყველა პრობლემა გადაფაროს და მთელი საზოგადოება მისი ეგოს გარშემო ამოძრაოს. რა თქმა უნდა, მისი შიმშილობა კომიკურია. მანამდეც იყო გამოცხადებული და რითი დასრულდა, ყველამ კარგად დავინახეთ. რა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი? – ასობით ადამიანი იყო ნატანჯი და მოკლული მათი მმართველობის დროს სრულიად უმიზეზოდ“,  -აცხადებს ყაველაშვილი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სააკაშვილს ურჩევს, რომ დანაშაულებები, რომელსაც მას „ოცნების“ ხელისუფლება ედავება, აღიაროს და ამის შემდეგ მიეცემა რეაბილიტაციის საშუალება სრულფასოვნად.

„ამ ადამიანებს ისტორიის გადაწერა სურთ. თითქოს არაფერი იყო და ხალხს დაავიწყონ, რა ხდებოდა და ვითომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმატორი იყო. ეს ადამიანი ცდილობს, ისტორია გადაწეროს, მაგრამ მის მიმართ რჩევა მაქვს – აღიაროს, რაც ჩაიდინა და მაშინ ექნება რეაბილიტაციის დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ არსებული დამოკიდებულება არ შეიცვლება“, – აცხადებს ყაველაშვილი.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share