საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ბოლოს დაანონსა, რომ სოცდაუცველთა დასაქმების ახალ პროგრამას დაიწყებდა. რამდენიმე დღის წინ კი, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ პროგრამის წლიური ბიუჯეტი 100-150 მილიონი ლარი შეიძლება იყოს.
როგორც ირკვევა, სოცდაუცველთა დასაქმება საბიუჯეტო ორგანიზაციებში განიხილება. დასაქმების ამ პროგრამის სახელი “საზოგადოებრივი სამუშაოები” იქნება. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას თქმით, სატყეო თუ სამელიორაციო მიმართულებით “ათასობით” ადამიანის დასაქმება განიხილება.
“პროგრამის ფარგლებში, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდება, ჩვენი უწყება მზად არის, რამდენიმე ათასი ადამიანი ჩართოს საზოგადოებრივ საქმიანობაში, შესთავაზოს მას კონკრეტული სამუშაო ადგილები, რაც მათ საშუალებას მისცემს, აქტიურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ჯერჯერობით, “სოცდაუცველთა დასაქმების” და “საზოგადოებრივი სამუშაოების” პროექტი დოკუმენტის სახით არ არსებობს, შესაბამისად უცნობია, უშუალოდ რას მოიცავს ის ანუ საუბარია სოცდაუცველთა მუდმივ დასაქმებაზე, თუ ეპიზოდურ სამუშაოებზე, რომლებშიც სახელმწიფო შემწეობის მიმღებები ერთი ან ორი თვით შეიძლება ჩაერთონ. ასევე უცნობია არსებობს თუ არა თავად საჯარო სექტორში დამატებით კადრების დასაქმების აუცილებლობა, მაშინ როდესაც ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში ისედაც 300,000-მდე ადამიანი არის დასაქმებული.
რამდენიმე დღის წინ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში ფინანსთა მინისტრი იყო მისული, სადაც დეპუტატმა დავით სერგეენკომ ლაშა ხუციშვილს ამ პროექტზე საზოგადოებისთვის უფრო გასაგები განმარტების გაკეთება სთხოვა, თუმცა ამ დრომდე ასეთი განმარტება სახელმწიფოს მხრიდან არ გაკეთებულა.
დეპუტატ გიორგი ვაშაძის მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ 600,000 სოცდაუცველიდან 302,000 სოცდაუცველი შრომისუნარიანია, მათგან 50,000 დასაქმებულად ითვლება, 252,000 კი უმუშევრად.
bm.ge