საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კიევში სამედიცინო ტრანსფერით გადაიყვანონ.
სააკაშვილმა სხდომაზე ასევე ხელისუფლებას მიმართა, დროებით განაჩენი გადაუვადონ.
სააკაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება მის წინადადებას დათანხმდება, ის პირობას დებს, რომ საქართველოში დაბრუნდება და ასევე მის მომხრეებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„თქვენ იცით, რომ ციხეებში გადატანილი ტრავმების შედეგად განმივითარდა მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. მართლა მეცოდებიან ციხის ექიმები, რომლებიც ძალიან რთულ პირობებში არიან, რომ ეს სიმპტომები დაასტაბილურონ, რადგან სიმპტომები სულ უფრო მძიმდება. ეს დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს. მოგმართავთ, რომ დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში. გადამივადოთ განაჩენი დროებით სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. ჩემი ოფისი განლაგებულია პირდაპირ პრეზიდენტ ზელენკის ოფისის გვერდით და დღესაც მუშაობს, სხვათა შორის, მათთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად, სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდება, ამის შემდეგ პატიოსან სიტყვას გაძლევთ და მე ჩემს სიტყვას არასდროს ვარღვევ, ვთქვი, რომ ჩამოვიდოდი და ჩამოვედი, ვიცოდი, რითი დამთავრდებოდა. თუ გადაწყვეტთ ამ სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელებას, რომელსაც უსამართლოდ მივიჩნევ, პირველივე გამოძახებაზე თბილისში ჩამოვალ. თქვენ იცით,რომ ეს ასე იქნება, თუ რა თქმა უნდა, ცოცხალი დავრჩი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ ხდება. თუ კიევში ჩემს ტრანსფერს დათანხმდებით, განახორციელებს მესამე დიდი ევროპული ქვეყანა, რომლისგანაც შემოთავაზება გაქვთ და იცით, რომ ეს შემოთავაზება არაერთგზის ყოფილა. თუ თქვენ ამ წინადადებას დათანხმდებით, მოვუწოდებ ყველა მომხრეს, საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ ამ პერიოდში. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან დაკავშირებული ნებისმიერი საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ“,-განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საზღვარგარეთ ყოფნის დროს ქართულ პოლიტიკაში არ ჩაერევა.
„თუ ჩამომიყვანთ, ეს პირობა აღარ შესრულდება, მე კარგად ვაცნობიერებ, რომ კიევში ჩასვლა ახლა ძალიან სარისკოა. მათ ჯგუფებს აქვთ სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვისი განადგურებაც უნდათ და ერთ-ერთი პირველი ადგილი მიკავია, ეს ვიცი, როგორც უტყუარი ფაქტი. ვთხოვ საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, რაციონალურად და განსჯით მიუდგეს ჩემს ამ წინადადებას და თავის მხრივ მზად ვარ, დავივიწყო ყველა ის წამება და ცუდი მოპყრობა, რაც ციხეში გადავიტანე და ბევრი სხვა რამ. საქმე ეხება ბევრად მნიშვნელოვანს, სხვა ყველა უთანხმოება წვრილმანად ჩანს იმასთან შედარბით, რაც დღეს ხდება, მაქვს თქვენი საღი აზრის იმედი. ჩემი შიმშილობა, რა თქმა უნდა, გრძელდება, მაგრამ როგორც გითხარით, მინდა აქტივისტებს ვთხოვო, ამ დღეებში საპროტესტო მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ. მზად ვარ სიკვდილისთვის. როცა მოვდიოდი, ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ნებისმიერ მომენტში ეს შეიძლება მომხდარიყო. ეს არ არის შანტაჟი, ეს უბრალოდ ჩემი სურვილია. არ მინდა, რომ თქვენ ხელი მოაწეროთ საქართველოს მორიგი პრეზიდენტის მკვლელობას, რაც ახლა ხორციელდება და საქართველო ვაქციოთ საკუთარი პრეზიდენტების სერიულ მკვლელად”,-განაცხადა სააკაშვილმა.