საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნის მიერ სანქცირებული VTB ბანკი საქართველოში ოპერირებას კვლავ გააგრძელებს. სებ-ის ცნობით, ეროვნულ ბანკსა და VTB-ს ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა – ბანკი გადახდისუნარიანია და მეანაბრეების ინტერესები დაცულია.
“ბოლო დღეებში უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის ვითიბი ბანკის ჯგუფს და მის წევრ სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას სანქციები დაუწესა. აღნიშნული, აქამდე დაწესებულ სანქციებთან ერთად, გულისხმობს რუსული მსხვილი ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას, რომელიც 26 მარტიდან სრულად ამოქმედდება.
პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. სს ვითიბი ბანკი ჯორჯია, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს”. – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინასთან ომის დაწყების გამო, აშშ-მ რუსეთს ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა VTB ბანკის ქართული ფილიალიც, რომლის ქონება და აქტივებიც გაიყინება.
აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში:
- შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ივაჭროს დოლარში, ევროში, ფუნტში, იენში
- შეფეხდება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებლის ზრდა
- შეიზღუდება რუსეთის ჩართულობა 21-ე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკაში
- სანქციებს დაუწესდება რუსეთის უმსხვილეს ბანკებს, მათ შორის VTB-ს. გაიყინება მათი ანგარიშები აშშ-ში
- სანქციები დაუწესდება კრემლის ელიტას და მათ ოჯახებს
- სანქციები ასევე შეეხება რუსულ სამთავრობო კომპანიებს
ბაიდენის თქმით, ბანკები, რომლებსაც სანქციები უწესდებათ, მთლიანობაში 1 ტრილინზე მეტ აქტივს ფლობენ. მისივე თქმით, ჯერჯერობით რუსეთი არ იქნება გათიშული SWITF-ის საერთაშორისო სისტემიდან, თუმცა ბანკებისთვის დაწესებული სანქციებს მსგავსი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე.
აღსანიშნავია, რომ VTB ბანკი დიდი ბრიტანეთის მიერ სანცქირებულ კომპანიათა სიაშიც მოხვდა. ყველა დიდ რუსულ ბანკს გაეყინება აქტივები და იქნება გამორიცხული დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. ეს ასევე მოიცავს VTB ბანკის ანგარიშების სრულად და დაუყოვნებლივ გაყინვას.