საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უკრაინის საკითხზე პრემიერმინისტრის განცხადებებს ეხმაურება.
ომბუდსმენი Facebook-ზე წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები მის პოზიციას არ გამოხატავს:
“საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემ პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის!
ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!”, – წერს ნინო ლომჯარია.
ცნობისთვის, ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება და ეს გადაწყვეტილება “ეროვნული ინტერესებით” ახსნა. ასევე, თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს: “უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრისმომცემია”.
გარდა ამისა, მან უკრაინის საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩაშალა. “რა თქმა უნდა არ მივალ. მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს”, – თქვა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერი ამტკიცებს, რომ “არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება” და განვითარებული მოვლენების ფონზე, არც უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას აპირებს: “პიარით უსაფრთხოების საბჭოს გამართვა და შოუს დადგმა ჩემი ხელწერა არაა, საქმეზე ვფიქრობ“.
ღარიბაშვილის ამ განცხადებებს უკრაინის რადას დეპუტატი, გონჩარენკოც გამოეხმაურა: “არა უშავს ირაკლი. როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე”.