პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ილაპარაკა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.
„შენს ტერიტორიაზე ომი შეუძლებელია რომ შენ დაიწყო, წერტილი. ამ ომს ვერ დაიწყებდა ვერც საქართველო [2008 წელს] ისევე, როგორც ვერ დაიწყებდა უკრაინა თავის ტერიტორიაზე. შეუძლებელია, რომ შენს მიწაზე დაიწყო ომი. ეს მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. სულ ასეთი პოზიცია მექნება, – განაცხადა გახარიამ „TV პირველის” ეთერში და დაამატა, – რა არის სხავაობა? ეს სხვაობა მკაფიოდ გამოჩნდა მსოფლიოს რეაქციაშიც, კონსოლიდირებულ ძალებში, რომლებიც დღეს გაერთიანდნენ კიევის ირგვლივ. მაშინ, 2008 წელს, სამწუხაროდ, ქართულმა მთავრობამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაარწმუნა მსოფლიო, რომ ეს პროვოცირებული არ იყო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეძლო მსოფლიო დაერწმუნებინა, რომ ეს იყო არაპროვოცირებული, არამედ – არაფრით განპირობებული ერთი სახელმწიფოს დარტყმა მეორეზე“.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ “ეროვნული ინტერესებიდან” გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.