საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით, ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ერთი დომინანტი პარტიის შემთხვევაში, პარლამენტის თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტდება და ბევრ გადაწყვეტილებას პარლამენტი ვერ მიიღებს ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო.
“ოთხმოცდაათი წევრით წარმოდგენილი პარლამენტი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებასაც 100 ან 113 ხმა ჭირდება და ძალიან გართულდება 90 ხმის მობილიზებაც. ასეთი გადაწყვეტილება კი არაერთია.
ამასთან, აღნიშნულ ვითარებაში პარლამენტი კანონების და გადაწყვეტილებების ნაწილის მიღებასაც ვერ შეძლებს.
პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით (100 ხმა) იღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე კანონს სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) იღებს კონსტიტუციურ კანონს ერთი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით (90 ხმა) ირჩევს სახალხო დამცველს, ამტკიცებს საკონსტიტუციო შეთანხმებას, ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უნდობლობას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით(100 ხმა) ახორციელებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) ახორციელებს იმ ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადების თანახმად, თანამდებობის პირების ნაწილთა ადგილები ვაკანტური დარჩება.
“ნდობის ჯგუფი 5 წევრის ნაცვლად, 3 წევრით იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან ოპოზიციის კვოტას, რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობა ვერ შეავსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სექტორის კონტროლი, რომელიც ტრადიციულად სუსტია, ფაქტიურად ვერ განხორციელდება; პარლამენტის თავმჯდომარეს 4 მოადგილის ნაცვლად, 2 მოადგილე ეყოლება, რადგან 2 მოადგილე ოპოზიციური ფრაქციებიდან უნდა იყოს არჩეული; ვაკანტური დარჩება კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის თანამდებობაც, რადგან კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილიდან 1 ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს; საპროკურორო საბჭოში პარლამენტს 2 წევრის ნაცვლად, 1 წევრი ეყოლება, ვინაიდან ერთი წევრი აუცილებლად საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს; საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საკონკურსო კომისიის შექმნის საჭიროების შემთხვევაში, მასში 9 წევრის ნაცვლად, 6 წევრი იქნება წარმოდგენილი, რადგან ოპოზიციის უფლებაა 3 წევრი წარუდგინოს პარლამენტს; საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევ კომისიაში პარლამენტს 3-ის ნაცვლად, 2 წევრი ეყოლება, რადგან ოპოზიცია ვერ წარადგენს წევრს მისი შემადგენლობიდან”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, მათივე ცნობით, ვერ შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია და ეთიკის საბჭო. ასევე, პარლამენტში დებატები აზრს დაკარგავს.
TI-ში ამბობენ, რომ მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები მხოლოდ უმრავლესობის წევრებით დაკომპლექტდება და ამ დელეგაციებს საერთაშორისო ორგანიზაციები არ დაამტკიცებენ.
ალეკო ელისაშვილი პირველია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, ვინც ღიად თქვა, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. სხვა პარტიები ამ დრომდე საჯაროდ კვლავ ბოიკოტს ემხრობიან იმ შემთხვევაში, თუ ყველასთვის მისაღები შეთანხმება არ შედგა. პარტიების უმრავლესობა შეთანხმების ნაწილად განიხილავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის დანიშვნაც შესთავაზა. ამ ეტაპზე ხელისუფლება არც ერთი ამ მოთხოვნის შესრულებას არ განიხილავს. საარჩევნო რეფორმა მოთხოვნების კიდევ ერთი ნაწილია – აქ მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეთანხმების მეტი სივრცეა.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ხვალ შეიკრიბება.
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს. მხარეებს შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, შეხვედრები მიმდინარეობს.