რუსეთში თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ფანჯარაც დახურეს. უკრაინის ომის გაშუქების გამო, რადიოსადგური „ეხო მოსკვი” და ტელეარხი „დოჟდი” გათიშეს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მაუწყებლები უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების შესახებ „ყალბი ამბების გავრცელებაში” და „არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში” მონაწილეობისკენ მოქალაქეების წაქეზებაში დაადანაშაულა. წვდომა შეზღუდულია „ლენტა.რუ”-ზე და კიდევ რამდენიმე პორტალზე, „როსკომნადზორი” ასევე რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის საიტის „სვობოდა.ორგ”-ის დაბლოკვითაც იმუქრება.
„ეხო მოსკვამ” 32-წლიანი მაუწყებლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც რადიოს მაუწყებლობა გაუთიშეს და ვებსაიტი დაუბლოკეს. სადგურის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელია და ამის გამო სასამართლოში იდავებს. რადიოსადგური 1990 წლიდან მუშაობს. ის მუშაობას „იუთუბზე” აგრძელებს.
„ეხო მასკვის” მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის მიერ 3 მარტს, ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რადიოს დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით რადიოარხის და საიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ვენედიქტოვის განაცხადებით, რადიოსადგურს გენერალური პროკურატურის მხრიდან დარღვევების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.
„ჩვენ გვჯერა, რომ არაფერი დაგვირღვევია, დარღვევის კვალს ვერ ვხედავთ”, – თქვა მან „ინტერფაქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
გათიშულია ტელეკომპანია „დოჟდი”, რომელიც 2010 წლიდან მაუწყებლობს. არხის გენერალურმა დირექტორმა ნატალია სიდნეევამ განაცხადა, რომ 3 მარტის შუადღის საინფორმაციო სეზონის ბოლო გამოშვება იყო.
„ჩვენ დროებით ვწყვეტთ მუშაობას ამ გარემოებებში, ვიმედოვნებთ, რომ დავბრუნდებით,” – განაცხადა ნატალია სიდნეევამ.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ეხო მოსკვის და დოჟდის საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. როსკომნადზორმა პროკურატურის მოთხოვნა შეასრულა და 1-ელ მარტს აღნიშნული მედიასაშუალებები გათიშეს.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს ომი არ უწოდოს და ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით გაავრცელოს.
რეზონანსი