მთავრობის ქმედებებით მხოლოდ ის ჩანს, რომ რუსეთთან ყოფნა უნდათ — ნიკა მაჩაიძე

კომპოზიტორი და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი ნიკა მაჩაიძე [ნიკაკოი]  ფიქრობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, მისი ქვეყანა იქ არ დგას, სადაც უნდა იდგეს. ის საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციების გამო აკრიტიკებს:

“საქართველოს მოსახლეობაზე არ მაქვს ლაპარაკი: იმათზე, ვინც ყოველდღე გარეთ დგას და მხარს უჭერს უკრაინას. ლაპარაკი მაქვს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელსაც არანაირი თავმოყვარეობა არ აქვს.

ადამიანურადაც რომ შევხედოთ, რომც არ იყვნენ მთავრობის წევრები, უბრალოდ ელემენტარული ადამიანური თავმოყვარეობა არ აქვთ. როცა [რუსეთს] მათი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, ესენი კოჭს უგორებენ, როგორც შეუძლიათ”, — უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

მაჩაიძე ფიქრობს, რომ მოქალაქეები უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად ბევრს აკეთებენ და შეიძლება, მეტიც გააკეთონ, თუმცა მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობას ჰქონდეს მართებული პოზიცია.

“ხალხი ეხმარება [უკრაინას], სოლიდარობას უცხადებს, ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს, მაგრამ პოლიტიკურად, თვითონ მთავრობა უნდა იყოს სწორ პოზიციაზე, რომელზეც არ არის.

რა თქმა უნდა, საქართველო უნდა შეუერთდეს სანქციებს. ეს არის აბსურდი: ვინ რას სთხოვს, რისი გამკეთებლები არიან…

[სანქციებთან შეერთებაზე უარი] არის ელემენტარული პოზიციის გამოხატვა, რომ დგანან რუსეთის გვერდზე და არიან რუსეთის ხალხი. ამას ამტკიცებენ ყველა თავისი ნაბიჯით. საქართველოს მთავრობაზე მაქვს მთლიანად საუბარი, ყოველ შემთხვევაში, დიდ ნაწილზე”, — დასძენს ის და ამატებს, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლების მხოლოდ ორი წარმომადგენლისგან მოისმინა ადეკვატური განცხადებები: პრეზიდენტისგან და გაეროში საქართველოს ელჩისგან.

“პრაგმატულადაც ვერ უყურებენ [ვითარებას]… რომც გაგრძელდეს ეს ყველაფერი დიდი ხნით, რუსეთი ყველანაირად წაგებულია.  ამათ იმის ტვინიც არ აქვთ, რომ პრაგმატულად, გამარჯვებულის მხარეს დადგნენ”, — აღნიშნავს მაჩაიძე.

კომპოზიტორი და რეჟისორი ფიქრობს, რომ აღნიშნული პროცესები დააზარალებს მისი ქვეყნის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე.

“ის, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი სადღაც, ოთახში ზის მარტო და რაღაც ქაღალდს აწერს ხელს, არაფერს ნიშნავს. ეს არის იდიოტიზმი. საქართველოს მთავრობამ თავისი ქმედებებით უნდა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, საით მიდის და რა უნდა. მათი ქმედებებით მხოლოდ ის ჩანს, რომ რუსეთთან ერთად ყოფნა უნდათ”, — დასძენს ნიკა მაჩაიძე.

კითხვას, მისი აზრით, იქნება თუ არა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები ისეთი, როგორიც აქამდე იყო, მაჩაიძე ასე პასუხობს:

“იმედი მაქვს, ადამიანების ურთიერთობა მაინც თავისას გადაწონის, მაგრამ სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ურთიერთობა არ იქნება ისეთივე, სანამ რაიმე არ შეიცვლება ქვეყანაში და ეს ჰიპოკრატია არ დამთავრდება”.


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ საქართველო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი ისევ საქართველოს მოსახლეობას მოაკლდება. მანვე თქვა, რომ სანქციები არ მუშაობს.

ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა უკრაინას თვითმფრინავის მიღებაზე, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვის ტოლფასი იქნებოდა.

მმართველი გუნდის მხრიდან ამ პოზიციების გახმიანების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა.

ნეტგაზეთი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share