საქართველოში გერმანიის საელჩო NATO-ს, დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს – პუტინის არაადამიანურობას ჩვენ ერთად დავუპირისპირებთ ადამიანურობას.
“გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ხაზი გაუსვა: “ჩვენ უკრაინელებს არასოდეს დავტოვებთ მარტო. არც მათ, ვინც ადგილზე თავის ქვეყანას იცავს და არც მათ, ვინც თავიანთი სამშობლოს საზღვრებს მიღმა ეძებს თავშესაფარს”.
ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება, კვლავაც მტკიცედ და ძლიერად ვიმოქმედებთ დევნილების მიღების, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის, უკრაინისათვის იარაღის მიწოდებისა თუ სანქციებისას, რომლებიც მიმართულია პუტინის სისტემის წინააღმდეგ”. – წერს საელჩო.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.