“დადასტურდა, რომ საქართველოს არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი…რუსულ ნარატივს საფუძველი გამოეცალა”-ენმ-ის ბრიფინგი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

2008 წლის ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ბრიფინგი გაიმართა. საქმე ეხება ჰააგის ტრიბუნალის მიერ აგვისტოს ომის საქმეზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერები გაცემას.

ენმ-ის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით საფუძველი გამოეცალა რუსულ ნარატივს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მძინარე ცხინვალი არ დაუბომბავს.

“ყველა მთავარი, რაც ამ გადაწყვეტილებით დასტურდება, არის ის, რომ ყველანაირი საფუძველი გამოეცალა 2008 წლის ომის შეფასებასთან მიმართებაში რუსულ ნარატივს და სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ამ ნარატივს წლების განმავლობაში ახვევდა ქართულ საზოგადოებას.

ამ გადაწყვეტილებით დასტურდება ის სპეკულაციები და მანიპულირება, რასაც “ქართული ოცნება” სამწუხაროდ დღემდე და დღესაც ეწევა. მაშინ, როდესაც უკრაინის მოვლენებმა ნათლად აჩვენა და მსოფლიო ლიდერები და ინსტიტუციები ნათლად აცხადებენ, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია იყო სამართლიანი და ადეკვატური იმ გადაწყვეტილებისა, რომელსაც ოკუპაცია ეწოდებოდა რუსეთი ფედერაციის მხრიდან. მიუხედავად ამისა, ისინი დღემდე აგრძელებენ საქართველოს დადანაშაულებას იმაში, რომ საქართველომ ომი ვერ აიცილა, კასეტურ ბომბებს იყენებდა თურმე ქართული მხარე.

გადაწყვეტილებაში დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი. დადგინდა, რომ ქართლი მხარე მოქმედებდა სრული სიზუსტით თავდაცვისათვის”, – თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share