რუსეთის ჯარი კიევს 5 კილომეტრით მიუახლოვდა, ჩერნიგოვთან უკრაინელებმა მტერი უკუაქციეს – აგრესიის მე-16 დღის ქრონიკები

ომის მე-16 დღე უკრაინაში – ბოლო 24 საათში, რუსეთის ჯარები უკრაინის დედაქალაქს 5 კილომეტრით მიუახლოვდნენ. ინფორმაციას ბიბისი ამერიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი სამხედროები ახლა კიევის ცენტრიდან 15 კილომეტრის მოშორებით არიან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოძრავი კოლონა კი 40 კილომეტრშია.

უკრაინის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ რუსებმა ჩერნოგოვის დაკავება სცადეს, თუმცა მათი შეჩერება მოხერხდა. საოკუპაციო ძალები რამდენიმე ქალაქის მიმართულებით შეტევებს განაგრძობენ. ისინი დონეცკში მარიუპოლის ასაღებად ძალების კონცენტრაციას ახდენენ.

უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსებმა ხარკოვში ბირთვული კვლევის ინსტიტუტი დაბომბეს. შენობაში განთავსებულია ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორი. უცნობია დეტალები დაზიანებების შესახებ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით კი უკრაინამ ჩერნობილთან ყოველგვარი კომუნიკაცია დაკარგა. ამავე დროს, უკრაინამ გაეროს მისიებიდან 300 სამშვიდობოს გამოყვანა მოითხოვა.

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები ამაყი ხალხია, რომელიც მიწა-წყალს ყოველთვის იცავს.

„ჩვენ 16 დღეა ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ეს იმაზე ოთხჯერ მეტია, ვიდრე მტერი გეგმავდა. ვიბრძვით არმიის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესად ითვლებოდა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ უკრაინელები დანებდებოდნენ, რომ მათ უკრაინის ქუჩებში რუსეთის დროშებითა და ყვავილებით შეეგებებოდნენ. თუმცა უკრაინელები ამაყი ხალხია, რომლებიც ყოველთვის იცავენ თავის მიწას და ოკუპანტს თავისუფლებას არ დაუთმობენ. შეუძლებელია იმის თქმა, ზუსტად რამდენ დღეში გავანთავისუფლებთ უკრაინის მიწას, თუმცა შეიძლება ითქვას – ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან ჩვენ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ მომენტს, როცა სიტუაცია შემობრუნდება. ჩვენ უკვე გამარჯვების გზაზე ვართ. ეს არის პატრიოტული ომი. ომი ძალიან ჯიუტ მტერთან, რომელიც ყურადღებას არ აქცევს თავის ათასობით მოკლულ ჯარისკაცს. რომელიც აგროვებს რეზერვისტებს და წვევამდელებს მთელ რუსეთში, რათა ომის ჯოჯოხეთში ჩააგდოს. რუსეთის ქმედებები ნიშნავს, რომ მისთვის დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის.

„ევროკავშირმა უნდა გააკეთოს მეტი. მან უფრო მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის. უკრაინელები ამას ველოდებით. ამას ყველა ევროპელი ერი ელოდება. აუცილებელია, რომ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები ემთხვეოდეს მათი ხალხის, ევროპელი ხალხის განწყობას. ჩვენ ვიცით ამ განწყობის შესახებ, ისევე როგორც იციან მათ. მათი უმრავლესობა თანახმაა, უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს,“ – აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.

დასავლეთისგან მიღებული ეკონომიკური დარტყმების პასუხად კი  ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ამით რუსეთი უფრო გაძლიერდება და ახალ შესაძლებლობებსაც შეიძენს.

გარდა ამისა, პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან მიმართებაში პოზიტიური ძვრებია.

„რა თქმა უნდა,  არსებობს პრობლემები რომლებიც დღევანდელ მოვლენებს უკავშირდება ეს არის შეზღუდვები და სანქციები, მაგრამ როგორც ადრე უკვე ვთქვით, ისინი ყოველთვის გვიწესებდნენ სანქციებს. ახლა რა თქმა უნდა ეს უფრო მასშტაბურია, დარწმუნებული ვარ რომ ამ სირთულეს გადავლახავთ და პირიქით შევიძენთ უფრო მეტ კომპეტენციას და შესაძლებლობას რომ თავი ვიგრძნოთ უფრო დამოუკიდებლად. საბოლოოდ შედეგი სარგებლის მომტანი იქნება. მე მოგაწვდით ინფორმაციას უკრაინული მიმართულებით თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არის პოზიტიური ძვრები, როგორც ჩვენი მომლაპარაკებლები მეუბნებიან,“ – განაცხადა პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

ჩვენ უნდა ავაშენოთ მშვიდობის და არა ომის მსოფლიო – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ანტალიაში განაცხადა, სადაც 2 დღიანი დიპლომატიური ფორუმი მიმდინარეობს. ერდოღანმა დასავლეთი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიაზე ევროპას შესაბამისი რეაქცია რომ ჰქონოდა, მსოფლიო უკრაინა-რუსეთის ომს აირიდებდა.

„პირველი მაღალი დონის კონტაქტი რუსეთსა და უკრაინას შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კრიზისის ფონზე გვიჩვენებს, რომ ანტალიის დიპლომატიურმა ფორუმმა დაიწყო თავისი მიზნის მიღწევა. უკრაინა და რუსეთი მეზობლები არიან. ამიტომ სიტუაციის ესკალაცია ჩვენ ძალიან გვაშინებს. საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადო ზომები ვერ მიიღო და ახალა უკრაინა არის მარტო. ვხედავთ, რომ უდანაშაულო ადამიანები კვდებიან, იხოცებიან ბავშვები. დასავლეთი 2014 წელს ყირიმში შეჭრის წინააღმდეგ რომ გამოსულიყო, რუსეთ-უკრაინის ამჟამინდელი კრიზისი თავიდან იქნებოდა აცილებული. ჩვენ უნდა ავაშენოთ მშვიდობის და არა ომის მსოფლიო,“ – განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით კი  აშშ-მა გუშინ მიიღო გადაწვეტილება, რომ უკრაინას 36 მილიარდი დოლარით დაეხმარება.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, NATO არ ჩაერევა რუსეთ-უკრაინის ომში, თუმცა აშშ პარტნიორებთან ერთად რუსეთს ძალას ანახებს.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ უკრაინას გააჩნია იარაღი, რომ შემოჭრილი რუსეთის ძალებს შეეწინააღმდეგოს. ჩვენ გავუგზავნით თანხებს, საკვებს, ჰუმანიტარულ დახმარებას და მივიღებთ გულთბილად უკრაინელ დევნილებს. ჩვენ უფრო მეტ დახმარებას. ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ჩვენ ვაცხადებთ, რომ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრს. ჩვენ გავაძლიერებთ ნატოს. ჩვენ არ ჩავერთვებით ომში უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. კონფრონტაცია რუსეთსა და ნატოს შორის ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს, მაგრამ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ დამთავრდება მისი გამარჯვებით. მას უკვე ხელი მოეცარა, მას უნდოდა დაესუსტებინა ტრანსატლანტიკური ერთიანობა, თუმცა წარუმატებლობა განიცადა. ამერიკის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა უნდოდა, თუმცა დამარცხება განიცადა.

ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდზე ვდგავართ, ჩვენ არ ვაძლევთ ავტოკრატებსა და იმპერატორებს საშუალებას რომ უკარნახონ მსოფლიოს თავისი ნება. ჩვენ ვართ მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარეს. ჩვენ ვანახებთ ჩვენს ძალას და უკან არ დავიხევთ. ღმერთმა დალოცოს უკრაინა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ჯარები,“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share