აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთისთვის ამერიკული დოლარების მიწოდება იკრძალება.
„იკრძალება აშშ-ის დოლარის ბანკნოტების ექსპორტი, ხელახალი ექსპორტი, გაყიდვები ან მიწოდება პირდაპირ ან არაპირდაპირ აშშ-დან ან ამერიკის მოქალაქისგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის, რუსეთის ფედერაციის ან ნებისმიერი რუსეთის მოქალაქისთვის.“ – წერია პრეზიდენტის განკარგულებაში.
აკრძალვა ასევე ვრცელდება იმ უცხოელებზე, ვინც ეცდება გვერდი აუაროს ამ შეზღუდვას და იშუამდგომლებს რუსეთისთვის დოლარის ბანკნოტების მიწოდებაში. მსგავსი საქმიანობაში მონაწილეებს, შესაძლოა, ამერიკამ სანქციები დაუწესოს.
დღეს ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში რუსული წარმოების პროდუქტების იმპორტი იკრძალება. მათ შორის თევზის, ზღვის ნაწარმის, ალკოჰოლური სასმლის, ბრილიანტების და იმ სხვა რუსული წარმოშობის პროდუქტების, რასაც აშშ-ის სახელმწიფო ხაზინა განსაზღვრავს.
ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს რუსეთს გაუუქმოს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი.
“ყველაზე უპირატესი ქვეყნის” სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა ერთმანეთთან საუკეთესო პირობებით ვაჭრობაზე – დაბალი ტარიფებით, ვაჭრობის რამდენიმე ბარიერითა და მაქსიმალურად დაშვებული იმპორტი”, – განმარტა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში ევროკავშირმა რუსეთსა და ბელარუსში ევროს მიწოდება აკრძალა.