,,ამბობენ, რომ კავკასია არის ვენახისა და ღვინის სამშობლო. ქართველი მესტვირეების მიერ ნამღერი ერთი ლეგენდა გვიყვება თუ როგორ მიიღეს პირველად ღვინო:
ნოემ დარგო ვაზი, მაგრამ ღვინის დაყენება არ იცოდა. ამ დროს, დამწუხრებული ნოეს წინ ეშმაკი გაჩნდა და ეუბნება:
– ნოე, ვენახისგან რაიმე სასარგებლოს მიღებას ვერასდროს ისწავლი. დამიმეგობრდი, მე გასწავლი მეღვინეობას და ისეთ ღვინოს დააყენებ, რომელიც ადამიანს ლომთან შებრძოლების ძალას მისცემს და ყოველი ქართველი, ამ სითხის დალევისას, შენს ხსოვნას განადიდებს.
– გამშორდი ეშმაკო, თავი დამანებე, განა მე შენ რამე გთხოვე? თუ უფალი მოისურვებს, რომ ღვინომ იარსებოს, მაშინ მის დაყენებას მე თვითონაც შევძლებ.
.
ნოემ გააგრძელა ვენახის მოყვანა, მაგრამ ღვინის დამზადება ვერ შეძლო. და აი, უეცრად, ეშმაკი კვლავ გაჩნდა მის წინ და ეუბნება:
– ნოე, დამითმე ვენახი. მოხერხებულობა ძალაზე მაღლა დგას. ისეთ ჯადოქრობას გასწავლი, რომლის წყალობითაც ყოველი ადამიანი შეძლებს ღვინის დამზადებას.
ეშმაკის კეთილგანწყობით შეცდენილმა ნოემ უფლის ნება დაარღვია და ეშმაკს ძმობა შეჰფიცა. ეშმაკმა ნოე ვენახში წაიყვანა და ჯადოსნობის არსი აუხსნა. ნოემ ყველაფერი კარგად დაიმახსოვრა.
.
თავდაპირველად ნოემ ვენახი წყლით მორწყა; შემდეგ ბატკანი დაკლა და მისი სისხლით ბაღის შესასვლელი მორწყა; შემდეგ ბულბულს გამოჭრა ყელი და მისი სისხლი მტევნებზე დააპკურა; დაკლა ხარი და მისი სისხლი ვაზს შეასხურა; დაკლა ვეფხვი, შემდეგ მაიმუნი, ღორი და მათი სისხლი ვენახში უხვად მოასხა.
ზაფხულმა ჩაიარა, შემოდგომაც მიჰყვა. ნოემ დაწურა ყურძენი და ქვევრში ჩაასხა. ნოე დიდხანს ელოდა, მაგრამ უფრო მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო, ღვინო დალია, მიწაზე დაწვა და ჩაეძინა.
.
ქამმა შიშველ მამას დასცინა. იაფეთს შერცხვა და ზურგი შეაქცია. მას შემდეგ, საქართველოში ყველას მოჰყავს ვენახი; მას შემდეგ, ეშმაკის ჯადოქრობა განუყოფელია ღვინისაგან.
.
ზოგიერთი ღვინოს სვამს ისე, როგორც დალევდა წყალს და რჩება ისეთივე წყნარი, როგორც ბატკანი. ზოგი ბულბულივით სიმღერაც იწყებს. ზოგიც ხარს ემსგავსება, ბორგავს და ცხარდება, ან როგორც ვეფხვი მოჩხუბარი ხდება და ეშმაკის სულს განასახიერებს. ზოგი კი, კარგავს რა ადამიანურ სიამაყეს, მაიმუნივით სასაცილო ხდება. ზოგიც, ჩვენი ღორივით ტალახში ამოიგანგლება და ბედნიერი მხოლოდ წუმპეში გორაობისას არის.
.
ბედნიერია ის ქართველი, ვინც ბულბულის სახეს არ გასცდება, შეჭამს, დალევს, იმხიარულებს, იმღერებს და დაწოლის შემდეგ… დაიძინებს.’’
.
ბარონი დე ბაი, ,,იმერეთში; ერთი მივლინების მოგონებანი”, 1902 წელი (ფრანგულიდან თარგმნა ანა ჭეიშვილმა).
.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა