რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, 2389 ბავშვი გაიტაცეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში იმყოფებოდნენ , – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
უკრაინის საგარეო სამინისტრო აცხადებს, რომ ბავშვების იძულებით გადაადგილება გატაცების ნიშნებს შეიცავს.
,,მიღებული ინფორმაციის თანახმად, 19 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, 2389 ბავშვი იძულებით გადაიყვანეს, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში იმყოფებოდნენ. აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების იძულებით გადაადგილება, გატაცების ნიშნებია. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა. სახლების დანგრევით და მშობლების მკვლელობით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთში, კიდევ უფრო საფრთხის ქვეშ აყენებს. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ბავშვების უკანონო გაყვანაზე რეაგირება მოახდინოს, რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს, რათა ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, შეწყდეს. ბავშვების გატაცების ფაქტებს, ისევე როგორც უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი ოკუპანტების დანაშაულის სხვა ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. ამ დანაშაულის ჩამდენი პირები დაისჯებიან”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.