მიხეილ სააკაშვილის ოცნებებს ასრულება არ უწერია, თუმცა აქვს გამოხატვის კონსტიტუციური უფლება და შეუძლია განაგრძოს, რაზეც აქამდეც საუბრობდა, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ოპოზიციური ჯგუფების ბულინგს განაგრძობს.
“ეს იმ ოპოზიციურ ჯგუფებს ეხება, ვინც სააკაშვილის ბულინგის ქვეშ მანამდეც ხშირად ექცეოდა და მის მიერ დაწერილი სცენარით მოქმედებდნენ. ბევრი პარლამენტშია, ზოგმა პარლამენტი დატოვა – სააკაშვილის დღევანდელი განცხადება მათ მიემართება და მათ უნდა ჰკითხოთ, იზიარებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის წინადადებას.
ზოგადად, სააკაშვილი სადაც არ უნდა იყოს, დესტაბილიზაციასთან და რადიკალიზმთან ასოცირდება. ეს მისი ზნეა და როგორც ჩანს, ამის გამოსწორება ვერ ხერხდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პარტიის მხრიდან რაიმე ტიპის რადიკალური სცენარის განვითარებას არ დავუშვებთ. სააკაშვილს აქვს და ჰქონდა სურვილი იმისა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნილიყო. მისი და მისი პარტიის სურვილია ძალაუფლებაში რევაშისტულად მოსვლა ისე, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ. თუმცა ყოველ ჯერზე ამ ყველაფერს წერტილი დაესვა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმაა გაზაფხულზე მთავრობის შეცვლა, წლის ბოლომდე რიგგარეშე არჩევნები და ამ წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეინტეგრაციის პროცესის დაწყება. მისივე თქმით, დეპუტატებს პარლამენტიდან გამოსვლას არ მოუწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ საკმარისია “პარლამენტარობის თამაში” და მხოლოდ ერთ საკითხზე უნდა ისაუბრონ – “როდის მოშორდება “ქართული ოცნება” ხელისუფლებას”.