უკრაინელები მზად არიან და შეუძლიათ ტერიტორიის დაბრუნება – აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენელი

აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენლის ცნობით, უკრაინის ძალებს შეუძლიათ და მზად არიან, დაიბრუნონ ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა უკანასკნელ დღეებში მოიპოვა. კრემლმა კი საბრძოლო ძალების 10%-ზე მეტი დაკარგა.

“ჩვენ ვხედავთ დამადასტურებელ ნიშნებს იმისა, რომ მათ ახლა შეუძლიათ და სურთ დაიბრუნონ ის ტერიტორიები, რომლებიც რუსებმა წაიღეს”. – განმარტა ოფიციალურმა პირმა.

გარდა ამისა, რუს სამხედროებს აქვთ პრობლემა ძალების საკვებით, საწვავით და მეტი იარაღით მომარაგების.

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 21 მარტს რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიული დაწინაურება ვერ შეძლეს. ოკუპანტები კიევის ჩრდილო-დასავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქის დაბომბვას აგრძელებდნენ. თუმცა, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ძალებს ხარკოვის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში სამხედრო ოპერაცია არ ჩაუტარებიათ. ოკუპანტებმა მარიუპოლში ნელი წინსვლა განაგრძეს. ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რამდენიმე წარუმატებელი შეტევა განახორციელეს, თუმცა ხერსონის გარშემო თავდასხმითი ოპერაციები არ ჩაუტარებიათ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share