ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ევროპაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს.
“მივემგზავრები ევროპაში ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან შესახვედრად ზუსტად ერთი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში სასტიკი ომი წამოიწყო. ჩემი პირველი გაჩერება ბელგია იქნება, სადაც შევხვდები ნატო-ს მოკავშირეებს, დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოების და ევროპის ლიდერებს, რათა განვიხილოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის მძიმე საფასური დავაკისროთ. ამის შემდეგ გავემგზავრები პოლონეთში, სადაც ორმხრივი შეხვედრა მექნება პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან. ამ ვიზიტით ნათლად ვიტყვით, რომ დასავლეთი ერთიანია ჩვენი დემოკრატიის დაცვაში. პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში. უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს”, – ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.