სალივანი: რუსეთი დამარცხდა მიზნების მიღწევაში – ჯარი დრამატულად დასუსტებულია

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთი დამარცხდა ყველა იმ მიზნის მიღწევაში, რომელთა მიღებაც უკრაინაში შეჭრით სურდა.

“რუსეთი შეეცადა სამი ძირითადი მიზნის მიღწევას უკრაინის წინააღმდეგ ამ არაპროვოცირებული შეჭრით. პირველი მიზანი უკრაინის დამორჩილება იყო, მეორე რუსეთის ძალაუფლებისა და პრესტიჟის გაძლიერება, მესამე კი დასავლეთის დაყოფა და დასუსტება. რუსეთი ცხადად დამარცხდა სამივე მიზნის მიღწევაში და ფაქტია, რომ მან საპირისპიროს მიაღწია.

პირველი მიზნის მიღწევას მამაცი უკრაინელი ხალხი ეწინააღმდეგება, ისინი უტევენ და იცავენ საკუთარ სახლებს, საკუთარ ქალაქებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შესაძლოა დაიპყროს მეტი ტერიტორია ამ სასტიკი სამხედრო ოპერაციებით, ის ვერასდროს წაართმევს ქვეყანას უკრაინელ ხალხს. რუსეთის ძალა და პრესტიჟი ამოწურულია. რუსული ჯარი დრამატულად დასუსტებულია. რუსული ეკონომიკა წნეხის ქვეშაა ძლიერი სანქციების გამო. რუსეთის ტექნოლოგიურ და თავდაცვით სექტორს აკლია ძირითადი რესურსები. რუსეთი განდევნილია საერთაშორისო საზოგადოების მიერ”. – თქვა სალივანმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share