“ვერ ვხვდებით, როგორ გადავრჩეთ” – რუსი სანქცირებული მილიარდერი, პიოტრ ავენი Financial Times-ს ესაუბრა, თუ როგორ ცხოვრობს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სხვა რუსებთან ერთად სანქციები მის წინააღმდეგად დააწესა.
ავენი რუსული ალფა-ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელა. ის ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს სხვა ბიზნესმენებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კრემლში შეხვედრაზე იყო. EU-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებში აღნიშნულია, რომ ის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენია, რის გამოც საბანკო ანგარიშები და აქტივები გაუყინეს, სანქციები შეეხო მის სახლს ლონდონის მდიდრულ უბანში, ასევე, მის საკუთრებაში არსებულ ხელოვნების სახლს ერთ-ერთ გარეუბანში.
ავენი, რომლის ქონებაც, მთავრობის შეფასებით, გასულ თვეში 4.5 მილიარდი ფუნტი იყო, FT-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ არ იცის, შეუძლია თუ არა გადასახადებიც კი გადაიხადოს.
“ჩვენი ბიზნესი მთლიანად განადგურებულია. ყველაფერი, რასაც 30 წლის განმავლობაში ვაშენებდით, ახლა მთლიანად დანგრეულია. ჩვენ როგორმე უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება.
[..] დამლაგებლის ან მძღოლის ყოლის უფლება მექნება? მე არ შემიძლია მანქანის მართვა. იქნებ ჩემი მეუღლის ქალიშვილმა მართოს. ჩვენ ვერ ვხვდებით, როგორ გადავრჩეთ”. – ამბობს ის.
მედიის ინფორმაციით, ავენს დიდი ბრიტანეთიდან გაძევება 20 დღეზე ნაკლებ დროში ემუქრება, თუმცა ამბობს, რომ ცოლთან და შვილთან ერთად დიდ ბრიტანეთში დარჩენა სურს – “თუ წავალ, ვეღარასდროს დავბრუნდები”.
ავენი აპირებს, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაასაჩივროს, რადგან ამტკიცებს, რომ უსაფუძვლოა. მისივე სიტყვებით, ბრიტანელ ადვოკატებს რუსებთან მუშაობა არ სურთ და უთხრეს, რომ თითქმის შეუძლებელია, სანქციები შეიცვალოს.
“ძალიან უცნაურია, დაგიწესონ სანქციები იმის გამო, რომ პრეზიდენტს შეხვდი. ჩვენ ვცდილობთ, პოლიტიკის მიღმა ვიყოთ. პუტინთან შეხვედრაზე მე წარმოვადგენდი ალფა-ჯგუფს და არა საკუთარ თავს”. – მილიარდერი ამბობს, რომ ყველაფრის დასამტკიცებლად მზადაა.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივები გაუყინეს და ფინანსური ინსტიტუციები SWIFT-დან გარიცხეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების ფონზე 8 მარტს აშშ-მ რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტი აკრძალა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ქვეყანა 2022 წლის ბოლომდე სრულად ჩამოშორდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულებას და იმპორტს აკრძალავს.
8 მარტს ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2/3-ით უნდა შეამციროს მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო 2030 წლამდე რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი სრულად უნდა გაუქმდეს.
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის დუმის ქვედა პალატის 351 დეპუტატსაც, რომლებმაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას მხარი დაუჭირეს.
დაწესებულ სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვაც.
- საჰაერო სივრცის დახურვა, SPUTNIK-ისა და RT-ს აკრძალვა – EU-ს სანქციები რუსეთს
- ევროკავშირი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დამატებით, მეოთხე პაკეტზე შეთანხმდა
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.