მმართველი პარტია სულ უფრო მეტად უთხრის ძირს დემოკრატიულ ინსტიტუტებს ქვეყანაში – Amnesty International საქართველოზე

საერთაშორისო ორგანიზაცია, Amnesty International 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს და  საქართველოს მთავრობის საქმიანობას უკიდურესად ნეგატიურად აფასებს. ორგანიზაცია  წერს, რომ მმართველი პარტია სულ უფრო მეტად უთხრის ძირს დემოკრატიულ ინსტიტუტებს ქვეყანაში.

“დაუსჯელობის ატმოსფეროს ფონზე ხდებოდა თავდასხმა ოპოზიციის წევრებზე, ხელისუფლების კრიტიკულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე ხორციელდებოდა მათი დაშინება და უკანონო მოსმენა. შეშფოთება სასამართლოს დამოუკიდებლობის, შერჩევითი მართლმსაჯულებისა და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურადა მოტივირებული დევნის გამო. მმართველი პარტია, სულ უფრო მეტად უთხრის ძირს იმ ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებათა დაცვას და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

დეკემბერში პარლამენტმა, ნაჩქარევად დაშალა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც იძიებდა პოლიციის ძალადობას, ასევე მიიღო ცვლილებები, რომლებიც ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას. სექტემბერში მთავრობამ არ შეასრულა აღებული ვალდებულება სასამართლო სისტემაში, პოლიტიზებული დანიშვნების აღსაკვეთად, რითაც დაკარგა 150 მლნ ევროს კრედიტის ნახევარი, რომელიც Covid19-ის პანდემიასთან საბრძოლველად იყო გამოყოფილი”

ანგარიშში საუბარია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებასა და მის დაპატიმრებაზე.  ორგანიზაცია წერს, რომ იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა არაერთხელ აღნიშნეს მისი უფლებების დარღვევა,  ხელისუფლებამ არათუ გამოიძია პირიქით, გააუქმა ინსპექტორის სამსახური და ახალი მოთხოვნის მიუხედავად  საქმეზე გამოძიება არ დაიწყო.

“გაიზარდა შეშფოთება სასამართლო სისტემაზე ხელისუფლების გავლენის შერჩევითი გამოყენების, პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესახებ. 1 ოქტომბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს, რათა მოეხადა 6 წლიანი სასჯელი, რომელიც დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი. 5 კვირიანი შიმშილობის შემდეგ, იგი იძულებით გადაიყვანეს  ციხის საავადმყოფოში ადეკვატური სამედიცინო დაწესებულებების გარეშე, სადაც ის სხვა პატიმრების მხრიდან მუქარისა და შეურაცხყოფის, ასევე ციხის ხელმძღვანელობის მხრიდან, დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

20 ნოემბერს იგი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში, მაგრამ 30 დეკემბერს ისევ ციხეში გადაიყვანეს. მისმა ექიმებმა განაცხადეს, რომ არასათანადო მოპყრობის შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად დაზიანდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, გამოძიება შეწყდა. მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, ხელახალი საქმის განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.” – წერია ორგანიზაციის ანგარიშში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share