მკვეთრად გაზრდილი თვითღირებულების გამო, საქართველოში მწარმოებლებმა კვერცხისა და ფრინველის ხორცზე ფასები უკვე მოამატეს.
„ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მდგომარეობა ბაზარზე ძალიან მძიმეა და ამის გამო, უკვე დაიხურა რამდენიმე მცირე ფერმა. ,,ბიუ-ბიუმ“ კი, ფასები 10%-ით გაზარდა.
„ქათმის საკვებად ძირითადი პროდუქტებია – ხორბალი, სიმინდი, სოიო და სხვა, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე ძალიან არის გაძვირებული. რის შემოტანაც ისევ შესაძლებელია, მათზე ფასები 60%-ით არის გაზრდილი, ბევრი რამის შემოტანა კი უბრალოდ, აღარ შეიძლება. პრობლემა შეიქმნა შროტის და ზეთის შემოტანაზე. გაძვირდა შემოტანა და გაძვირდა ყველაფერი. ჩაიკეტა ორი მთავარი მომწოდებელი – რუსეთი და უკრაინა. რამდენადაც ვიცი, ბევრი პატარა საწარმო გაჩერდა ამ ყველაფრის გამო.