„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის საკითხის ახლა წამოწევა „ქართული ოცნების“ კაპიტულანტურმა პოლიტიკამ გამოიწვია.
„ყოვლად უხერხემლო და კაპიტულანტური პოლიტიკა იწვევს ჩვენდამი მტრულად განწყობილი ძალის მადის ზრდას და მადის ზრდა სწორედ იმაში გამოიხატა, რომ ახლა მათ მიერ დასმულმა ერთ-ერთმა პირსისხლიანმა გენერალმა გამოაცხადა, რომ უნდა ჩატარდეს ე.წ. რეფერენდუმი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში.
ეტყობა, მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ მათთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის „ქართული ოცნება“ იმასთვის, რომ გაიფორმონ ანექსია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი 10 აპრილის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს დროში რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ჰპირდება. მსგავსი განცხადებები მას აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია.
“ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანია რუსეთის ფედერაციაში ორი ოსი ხალხის გაერთიანება. ამის შესაძლებლობა 2014 წელს გვქონდა, როდესაც მშობლიურ სავანეს ყირიმი დაუბრუნდა. მაშინ ჩვენი შანსი ხელიდან გავუშვით, თუმცა ახლა ამას არ დავუშვებთ.
უახლოეს დროში შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები იქნება ჩვენ მიერ გადადგმული. რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდება საკუთარ ისტორიულ სამშობლოს – რუსეთს”, – ნათქვამია ბიბილოვის განცხადებაში, რომელიც დღეს, 30 მარტს მისმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.