თბილისში უკრაინიდან ლტოლვილის მანქანა გაქურდეს – ინფორმაციას On.ge ავრცელებს.
როგორც გამოცემას ელიზავეტა ფილოტამ განუცხადა, მანქანიდან წაიღეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ქალი ამბობს, რომ უკრაინული ნომრები ჰქონდა და არ ელოდა, თუ ლტოლვილებს ასე მოექცეოდნენ.
ელიზავეტა ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოიდანაა ლტოლვილი და მანქანაში ის ნივთები ჰქონდა, რომლის გადარჩენა და წამოღებაც შეძლო. წერს რომ აქ ჩამოსვლისას უსაფრთხო თავშესაფარს ეძებდა შვილისთვის, ახლა კი 6 500 დოლარის ღირებულების ტექნიკა მოპარეს, რომელსაც სამსახურისთვის იყენებდა.
“ტექნიკა რომელიც გადავარჩინე ქალაქ რუბეჟნოიში, ლუგანსკის ოლქში. ამოატრიალეს მთელი მანქანა. აქ ჩამოსვლისას მე ვეძებდი უსაფრთხოებას ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. არასდროს მეგონა, რომ ასეთი არაადიამიანები იყვნენ, რომ ბავშვების ნივთებს მანქანაში მომიყრიდნენ და ლტოლვილებს გაქურდავდნენ. ხალხს, რომლებიც გამოიქცნენ ჯოჯოხეთიდან”, წერს ის.
ელიზავეტას თქმით, სამართალდამცავებს მიმართა, მაგრამ, ადგილზე მისულმა პოლიციამ არ შეამოწმა მანქანა და ჩვენება არ აიღო, მიზეზად კი უთხრეს, რომ რუსული ენის თარჯიმანი სჭირდებოდათ და მოგვიანებით დაუკავშირდებოდნენ. ქალი ამბობს, რომ დახმარების იმედი დაკარგა და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, რის შემდეგაც, გვიან ღამით მასთან ახალი ეკიპაჟი მივიდა, ჩვენება ჩამოართვა, თუმცა ამის შემდეგ ისევ არავინ დაკავშირებია.