სუს-ის აგენტები ალტ-ინფოში და ფარცხალაძის შვილის რუსული პროპაგანდა

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ძალადობრივ, პრორუსულ ალტ-ინფოსთან და პოლიტიკურ მოძრაობა ქართველ კონსერვატორებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს.

ფორმულას ინფორმაციით, კრემლისგან მართულ პარტიაში, სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე სუს-ის მოქმედი თანამშრომლები მუშაობენ. ერთ-ერთია ბესო წულაია, რომელიც ხონში კონსერვატიული მოძრაობის ოფისის გახსნის შემდეგ ადგილობრივებს, ალტ-ინფოს სხვა წევრებთან ერთად დაუპირისპირდა. წულაია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს რუსული იდეოლოგიის გავრცელებაში, სამეგრელოს მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა, თუმცა მას სხვა ძირითადი სამსახურიც აქვს – ის სუს-ის და დაზვერვის ე.წ. ღრმა დაშიფვრის ოფიცერია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს წულაიას სუს-ში მუშაობას, თუმცა ამბობენ, რომ ის დაკავებული პოზიციიდან 2016 წელს გაათავისუფლეს. წულაია კი ამბობს,რომ სუს-ი საკუთარი სურვილით, რამდენიმე წლის წინ დატოვა.

ქართული ოცნების სამსახურში ყოფნას ისიც ადასტურებს, 2021 წელს მან დევნილთა სამინისტროსგან სიმბოლურ ფასად მიიღო ბინა დირსის საცხოვრებელ კორპუსში.

ასევე, აქტიურ რუსულ პროპაგანდას,  ფორმულას ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შვილი ანდრია ფარცხალაძე ეწევა, ორგანიზაციის – სოლიდარობა მშვიდობისთვის სახელით. ეს ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხის წამოწევას და ამ თემაზე რეფერენდუმის მოთხოვნას. ორგანიზაციის ყველა უკანასკნელი აქტივობა სოციალურ ქსელებში, ამ საკითხს უკავშირდება. თავად ყოფილი გენერალური პროკურორის შვილი კი რუსულ ორგანიზაციაში განათლების ე.წ. ექსპერტია. ანდრია ფარცხალაძე ლექციებს იმ საკთხზე ატარებს, როგორ დააქცია ყოფილმა ხელისუფლებამ განათლების სისტემა.

ქართული ოცნების ალტინფოსთან პირდაპირი კავშირები გამოიკვლია ანტიკორუფციულმა მოძრაობამაც.

როგორ სწირავენ უკრაინაში რუსული აგრესიის პარალელურად თანხას კონსერვატიულ მოძრაობას, ქართულ ოცნებასთან აფელირებული და სოციალურ ქსელებში მათი პროპაგანდის გამავრცელებელი ბიზნესმენები საჯარო მოხელეები თუ სტუდენტები – ასეთი აღმოჩნდა 51 ადამიანი, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ თანხა შესწირა კონსერვატიულ მოძრაობას და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები არიან დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან.

ერთ-ერთი ასეთი შემომწირველი ალტინფოსა და ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი ბიზნესმენი გია გოთუაა, რომელსაც დღეს მიმდინარე ტენდერი აქვს მოგებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მთლიანად კი 12 მილიონამდე აქვს სახელმწიფოსგან ტენდერების სახით მიღებული და ამასთან 52 ათასი ლარი გამარტივებული შესყიდვებით.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share