შენ ხარ სახელმწიფო, შეგიძლია უარყო, მაგრამ იმ ხაზის გაგრძელებით, რომ იქაც ნაცები არიან, ამით ხომ კიდევ ერთხელ შეურაცხყოფას აყენებენ. როგორ შეიძლება ასეთი ლაპარაკი, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ წევრების გამოხმაურებებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოს გამოყენებით რუსეთი სანქცირებული პროდუქციისთვის კონტრაბანდის არხებს ქმნის.
გია ხუხაშვილის განცხადებით, ფინანსთა მინისტრმა „ბრტყელ-ბრტყელი“ ლაპარაკის ნაცვლად, მისი ბრძანებები და ნორმატიული აქტები უნდა გაასაჯაროოს, სადაც ნაჩვენები იქნება, რომ ნამდვილად მისცა საბაჟოს სამსახურს მითითება სანქცირებული პროდუქტების შესახებ.
„რა უბედურებაში ვართ, სერიოზული ადამიანი კი არა ბავშვი არ გააკეთებს ამას. როგორ შეიძლება ასეთი ლაპარაკი. შენ ხარ სახელმწიფო, შეგიძლია უარყო, მაგრამ იმ ხაზის გაგრძელება, რომ იქაც ნაცები არიან, ამით ხომ კიდევ ერთხელ შეურაცხყოფას აყენებენ. შეიძლება იმათ რაღაც ეშლებათ და იმის მაგივრად, რომ მიხვიდე აუხსნა, რომ ეს ასე არ არის, იქაც რომ ნაცების ხელს ხედავ, ეს ნიშნავს ერთადერთ რაღაცას: „ქართულ ოცნებას“ იმათთვის სათქმელი არაფერი აქვს. საქართველოში თავის მომხრეებს ელაპარაკება ამით, იმ წარმოუდგენელ საზოგადოებას, რომელიც ყველაფერი სიბინძურის, ყველაფერი განუკითხაობის ჩამოწერაზეა თანახმა, თუ „ნაცებს“ ახსენებ სადმე. პროპაგანდისტული ხაზი აქვთ აწყობილი. როცა შენ ხარ სახელმწიფო და ასეთი მძიმე ბრალდება ისმის, რასაც ექნება ძალიან მძიმე შედეგები ამ მსოფლიო ომიდან გამომდინარე, შენ უნდა დაარწმუნო, რომ არა, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, სიტყვებზე დავიჯეროთ?
ისე იქცევა ხელისუფლება რომ ეჭვები ჩნდება. გავანებოთ თავი პრემიერ-მინისტრი რას ბოდიალობს და სხვები რას ბოდიალობენ, წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო არის უფლებამოსილი პირი, ის აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ ამას არ ვაკეთებთო. დიდი ბოდიში, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო ზეპირ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეს, რამე ნორმატიული აქტი გამოცემულია? ფინანსთა მინისტრის ბრძანება არსებობს? საბაჟოსთვის ოფიციალური მითითება მიცემული აქვთ? და თუ საბაჟოსთვის მითითება არ არის მიცემული, რომ ამის გატარება არ შეიძლება, საბაჟოს უფლებაც კი არ აქვს, რომ გააჩეროს. მე ვეკითხები ფინანსთა მინისტრს, ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს რომ აკეთებს, რაიმე ნორმატიული აქტი გამოცემული აქვს? ჩამონათვალი საბაჟოზე დევს, რომ ამა და ამ პროდუქტის გატარება აკრძალულია? ამის გასაჯაროება უნდა მოხდეს, პრევენციის დანიშნულებაც ექნება“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.