ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მიმდინარე კვირაში უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავლენ. ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსპიკერი ავრცელებს.
“პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ჯოზეფ ბორელი ამ კვირაში კიევში გაემგზავრებიან და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებიან შაბათს ვარშავაში უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე დასწრებამდე”. – წერს ერიკ მამერი Twitter-ზე.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.