ველოდებით თბილისისგან მტკიცებულებებს და არგუმენტებს – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. საუბარია საქართველოს რუსეთთან შესაძლო ფარულ თანამშრომლობაზე და სამხედრო ორმაგი დანიშნულების ტვირთების კონტრაბანდული გზით გატარებაზე. განცხადება კულებამ უკრაინული ტელემარათონის ეთერში გააკეთა.
კულებამ მტკიცებულებების არ არსებობის შემთხვევაში საქართველოს დასჯა არ გამორიცხა.
ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოს მხრიდან რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმდებთ თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი, – განაცხადა კულებამ.
კულებამ ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინას და მის მოკავშირეებს საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონოდათ, რუსეთი სანქცების გვერდის ავლას საქართველოს გავლით დიდი ხნის წინ შეეცდებოდა.
უკრაინელი დიპლომატი გუშინ საგარეო საქმეთა ახალ მინისტრსაც შეხვდა. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრაზე დააკონკრეტა ოფიციალურმა კიევმა თუ რას გულისხმობდა უკრაინული დაზვერვა, როდესაც რუსეთ-საქართველოს ფარულ თანამშრომლობაზე საუბრობდა.
საქართველოს ხელისუფლება უპრეცენდენტო სკანდალში ეხვევა – უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, „ქართული ოცნების“ გუნდი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ზელენსკის გუნდის თქმით, მსოფლიო სანქციების ფონზე საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში შევიდა და კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია რუსეთში საქართველოს გავლით შედის. მათივე მტკიცებით, ქართულ სპეცსამსახურებს მწვანე შუქი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღანელობამ აუნთო.