კრემლის პრესპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფრანგი ჟურნალისტის კითხვაზე, სიმართლეა თუ არა, რომ რუსეთს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა სურს, პესკოვი პასუხობს, რომ ინფორმაცია ამის შესახებ ტყუილია.
პესკოვმა ასევე უარყო, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას გეგმავდა.
“ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ არასდროს არ განგვიხილავს უკრაინის ოკუპაცია”. – თქვა პესკოვმა
The Times-ის 28 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის მოსაკლავად კიევში კრემლის 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი მოქმედებს.
როგორც გამოცემა იუწყება, მათ ევალებათ პრეზიდენტი ზელენსკის, მინისტრთა კაბინეტის წევრების მოკვლა და რუსული ძალების კონტროლის ქვეშ ქალაქების გადაცემისთვის ნიადაგის მომზადება.
29 მარტს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა თქვა, რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას. მისი თქმით, რუსებმა ოთხჯერ გაისროლეს პირდაპირ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართულები. ამის შესახებ არესტოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. არესტოვიჩის თქმით, თავად ისიცაა “ჩამოსაშორებელთა” სიაში.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.