რამდენიმე კვირაა მომხმარებლები კონკრეტული ბრენდის თამბაქოს შეძენას, ვერც ქსელურ მარკეტებში და ვერც მცირე ზომის მაღაზიებში ვეღარ ახერხებენ. საუბარია, ძირითადად პრემიუმ სეგმენტის ბრენდებზე.
ექსპერტი ეკონომიკისა და სამართლებრივ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე bm-თან საუბრისას ამბობს, რომ პრემიუმ სეგმენტის თამბაქოს ნაწარმის მარაგებზე შექმნილი შეფერხებების გამო კონკრეტული ბრენდის სიგარეტებზე ფასები უკვე გაიზარდა.
სხვიტარიძის თქმით, კომპანიებმა დაიწყეს ალტერნატიული ბაზრების მოძიება, თუმცა ამ ბაზრის ჩასანაცვლებლად მათ მინიმუმ 6 თვე მაინც დასჭირდებათ.
მისი თქმით, ალტერნატიულ ბაზრებზე გადასვლა კომპანიებს ლოგისტიკის ხარჯებს გაუძვირებს, რაც საბოლოო ჯამში, სიგარეტის ღირებულების გაზრდას გამოიწვევს.
“თამბაქოს ნაწარმი, რომელიც უკრაინის ალტერნატიული ბაზრებიდან შემოვა, განსხვავებული ფასი ექნება, თამბაქოს ნაწარმის ღირებულება გაიზრდება. უკრაინა ყველაზე იაფიანი ბაზარი იყო დიდი კომპანიებისთვის, რომლებსაც პროდუქცია საქართველოს ბაზარზე შემოაქვთ. თამბაქოს ნაწარმის 90-92% შემოდიოდა უკრაინიდან. სხვა ბაზრებიდან პროდუქციის შემოტანის შემთხვევაში ფასი დაფიქსირებული იქნება მყარ ვალუტაში, მაგალითად ეს იქნება შვეიცარია, რუმინეთი თუ ბულგარეთი. ამას დაემატება ინფლაცია და კურსის დევალვაცია. ეს ყველაფერი სიგარეტის ფასზე გავლენას იქონიებს, თამბაქოს ნაწარმი მინიმუმ 20%-ით გაძვირდება”, – ამბობს ექსპერტი ეკონომიკისა და სამართლებრივ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე.
newposts.ge