ამ წუთებში მოდულის შენობაში გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ფინანსური მენეჯერის, ლეილა წკრიალაშვილის, გორის აუდიტის სამსახურში კი, სააგენტოს ყოფილ დირექტორის, გელა კაპანაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ბიუჯეტიდან მოპარული თანხების საქმეზე გამოძიებას აწარმოებენ. საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე, რომელიც აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოდან გაქრა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკები გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ინფორმაცია “მთავარმა არხმა” გაავრცელა.
საჯარო მოხელეები გორში არ პასუხობენ კითხვებს, როგორ გაქრა 2020-2021 წლებში ნახევარი მილიონი ბიუჯეტიდან ლარი ისე, რომ ვერავინ გაიგო. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ თაღლითური სქემის მიღმა მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები დგანან. მათ შორის, გორის ვიცე-მერი, თამაზ შიოშვილი.
ცნობისთვის, გორის მერიის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლისას, სახელმწიფო აუდიტმა მძიმე ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. “მთავარის” ინფორმაციით, გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოდან გამქრალია ნახევარი მილიონი ლარი, წინასწარი ინფორმაციით, ბიუჯეტის თანხას ფინანსური მენეჯერი, ეტაპობრივად აზარტული თამაშების ანგარიშებზე რიცხავდა. ეს ის სააგენტოა, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ კულტურის სახლში ცოტა ხნის წინ, ბიტკოინების ქარხანა იქნა აღმოჩენილი.