საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ქართველების სამსახურიდან გაშვება რუსეთის შეკვეთაა.
“მშრალი ფაქტი – “ოცნება” ითხოვს უკრაინაში თანამდებობაზე მყოფი ყველა ქართველის დათხოვნას. ამ ქართველებს შორის არიან დავით არახამია – ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი, გენერალი ლორთქიფანიძე – კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე, რომლის მთავარი ფუნქციაც რუსი ჯაშუშების დაჭერაა (მაგალითად, გუშინ მან დააკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირი, რომელიც რუსებს აწვდიდა ინფორმაციას), ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მთავარი კოორდინატორია რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების აღრიცხვისა და ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემის. მეც ვრჩები რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ, თუმცა დატყვევებული ვყავარ პუტინს აქ. ახლა ყველა დაფიქრდით, არის თუ არა ეს მოთხოვნა პირდაპირ რუსეთის შეკვეთა?!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში უმრავლესობის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით 3 პირობა დაასახელა. მათ შორის “ყველაზე პრინციპულ” საკითხად დაასახელა უკრაინის ხელისუფლებაში “საქართველოში რადიკალური ოპოზიციის” ლიდერების ყოფნა. კობახიძემ თქვა, რომ დავით არახამია უკრაინის ხელისუფლებასა და “კრიმინალებს” ერთმანეთთან აკავშირებს.